ორშაბათს კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-დან თავისი ელჩი, დანიელ გარსია-პენა გაიწვია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოფიციალურ ვაშინგტონსა და ბოგოტას შორის დაპირისპირება, რომელიც ტარიფებსა და ნარკოტიკების ტრანსპორტირებას ეხება.
შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იგეგმება ქვეყნისთვის ტარიფების გაზრდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა რამდენიმე კოლუმბიური გემი ჩაძირეს. პენტაგონის ინფორმაციით, მათ ნარკოტიკების გადასატანად იყენებდნენ.
აღნიშნული შემთხვევის შემდგომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის კოლუმბიელ კოლეგას, გუსტავო პეტროს ნარკოტიკებით ვაჭრობაში დასდო ბრალი. ტრამპის სიტყვებს ოფიციალურ ბოგოტაში “შეურაცხმყოფელი” უწოდეს.
საგულისხმოა, რომ USAID-ის გაუქმებამდე კოლუმბია აშშ-სგან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ დახმარებას იღებდა. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის წლებია არ ყოფილა.




























