პირველი აპრილიდან საქართველოში 4 დაცულ ტერიტორიაზე შესვლა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძვირდება. ამის პარალელურად დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული („კომბო“) ბილეთების სისტემას შესთავაზებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო იმ დაცულ ტერიტორიების ჩამონათვალს და ფასებს აქვეყნებს, სადაც ახალი შეთავაზება იმოქმედებს. "კომბო ბილეთები" იმოქმედებს პრომეთეს მღვიმეზე, ნავენახევის მღვიმეზე, სათაფლიას მღვიმეზე, მარტვილის კანიონზე, ოკაცეს კანიონზე და კინჩხას ჩანჩქერზე.
"ერთიანი ბილეთით შესაძლებელი იქნება რამდენიმე პოპულარულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობაზე შესვლა, რაც ვიზიტორებს ხარჯების შემცირებისა და მარშრუტების უფრო მოქნილად დაგეგმვის საშუალებას მისცემს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
კომბინაციების მიხედვით, ფასები ასე განისაზღვრა:
- პრომეთესა და ნავენახევის მღვიმეების კომბინირებული ბილეთის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (გარდა არასრულწლოვნებისა) 20 ლარია, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 45 ლარი.
- პრომეთეს, სათაფლიასა და ნავენახევის მღვიმეების გაერთიანებული ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 35 ლარი ეღირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი - 75 ლარი.
- მარტვილის კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის ერთიანი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 22 ლარია, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 50 ლარი.
- მარტვილის, ოკაცესა და კინჩხას მიმართულებების კომბინირებული ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 38 ლარად განისაზღვრა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი - 80 ლარად.
- ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის კომბინაცია საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 22 ლარი ეღირება, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 40 ლარი.
- პრომეთეს მღვიმის, მარტვილის კანიონისა და ნავენახევის მღვიმის ერთიანი ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 35 ლარია, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 85 ლარი.
- პრომეთეს მღვიმის, მარტვილის კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის კომბინირებული ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 38 ლარად განისაზღვრა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი - 90 ლარად.
სააგენტოს განმარტებით, ინიციატივის მიზანია ვიზიტორთა ინტერესის გაზრდა სხვადასხვა მიმართულების მიმართ და ტურისტული ნაკადების დაბალანსება, რაც ეკოტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.




























