კომერციულ ბანკებს მომსახურებაზე უარი რომ არ ეთქვათ, ერთ წუთში ყველაფერი დაინგრეოდა - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ კომერციული ბანკების პოზიციაზე განაცხადა.
"წამყვანი ბანკები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას. ეს საბანკო სისტემაში იმიტომ მოხდა, რომ ერთ წუთში ყველაფერი დაინგრეოდა.
კომერციულ ბანკებს, რომ ეს განცხადება არ გაეკეთებინათ და ამ მომსახურებაზე უარი არ ეთქვათ, "სვიფტი" ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დადგებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ტერორისტ ქვეყანას უწყობ ხელს - იმ ქვეყანას რომლის აგენტიც დაგისანქცირეს და რომელიც ომს ეხმარება. მადლობა მათ, რომ ასეთი პოზიცია დაიკავეს" - განაცხადა ხაზარაძემ.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ყოველთვის იცავდნენ და მომავალშიც გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას.