მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნამ განხილვის პროცესები ვერ დააჩქარა - კვლევა

ჩაქუჩი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია მხოლოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წელს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს.

მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ხორციელდება ასევე სასესხო დავებზე 5,000 ლარის ქვემოთ.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ახალი კვლევით, სესხიდან გამომდინარე დავებისთვის ცალკე სპეციალიზაციის შექმნას საქმეთა განხილვის დაჩქარების კუთხით რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონია. პირიქით, სამოქალაქო საქმეთა განხილვის სავარაუდო ვადები 2016-2020 წლებში უფრო გაიზარდა. მეორე მხრივ, თავად სესხიდან გამომდინარე დავების ხანგრძლივობა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორჯერ და სამჯერ აღემატება მთლიანად სამოქალაქო საქმეების ხანგრძლივობას.

„საჯარო ინფორმაციის სახით, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიდან კომერციული პალატის (კოლეგიის) მიერ განხილული საქმეთა რაოდენობის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხის თანახმად, ამ „ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ხორციელდება, ამასთან ინფორმაციის მოცულობის გამო ინფორმაციის მოძიება/დამუშავება საჭიროებს დიდ დროსა და სასამართლო რესურსს“. მსგავსი წერილი იქნა მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან“,- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთ-ერთი ადვოკატი აღნიშნავს:

„ე.წ. კომერციული კოლეგიებისა და პალატების შექმნით არაფერი შეცვლილა. არანაირი განსხვავება არაა 500 000-ის ზემოთ არის საქმე თუ ქვემოთ. როცა ინტერესია სწრაფად იხილავენ, როცა ინტერესია აჭიანურებენ”.

„ყველა საჯარო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ვიწრო სპეციალიზაცია არის დაჩქარების მექანიზმი, თუმცა მოვითხოვეთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოსგან და სააპელაციოდან კომერციული დავების განმხილველი სპეციალიზაციის შექმნის შემდეგ, რამდენი საქმე იქნა მათ მიერ განხილული, რომ ამ სპეციალიზაციის ეფექტი გაგვეზომა. გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ ამუშავებენ. გამოიკვეთა, რომ ღონისძიებებს რასაც ატარებენ, მერე ამის ეფექტები არ იზომება.

არსებობს ასევე 500 ათას ლარამდე სესხების განმხილველი სპეციალიზაცია, ამ სპეციალიზაციის შექმნის შემდეგ უფრო გაიზარდა ამ დავების განხილვის ხანგრძლივობა“,- აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კვლევის ერთ-ერთი ავტორი მაია ბაქრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები