გათბობა-გაგრილების, წყალმომარაგების სისტემებისა და სააბაზანო სანტექნიკა- აქსესუარების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „თერმოინდუსტრია“ სრულიად ახალი ფორმატის “შოურუმს” - BUDE+ -ს ხსნის.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ქეთი ესაკიამ BM.GE-სთან საუბარში განმარტა, რომ ახალი საგამოფენო სივრცე 25 სექტემბერს გივი ამილახვრის #1-ში გაიხსნება.
როგორც ქეთი ესაკია აცხადებს, „BUDE+“ წარმოადგენს სრულიად ახალ კონცეფციას, რომელიც შეიქმნა ექვსთვიანი ბაზრის კვლევის შემდეგ. შოურუმის მთავარი მიზანი მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, რასაც სივრცეში წარმოდგენილი პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს.
- რით იქნება გამორჩეული ახალი შოურუმი?
ეს იქნება თანამედროვე სივრცე, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს - გათბობა-გაგრილება, ჭკვიანი სახლი, სანტექნიკა, სააბაზანო აქსესუარები და სხვა. ჩვენი სლოგანია - “კომფორტის არითმეტიკა”. სახელწოდება „ბუდე“ სიმბოლურად აღნიშნავს სახლს, ხოლო „ბუდე+“ ნიშნავს – “მეტი, ვიდრე სახლი”.
ჩვენი უპირატესობაა, მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაცია, კონკურენტული ხარისხი და მომსახურება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი თანამშრომლობა ევროპულ პარტნიოებთან. ჩვენ კომპანიაში არsებულ პროდუქციას მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი.
- რა არის „BUDE+“-ის კონცეფცია?
„BUDE+“-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლე მისი ინტერაქციული მიდგომაა – ტრადიციული სტენდების ნაცვლად, სივრცე მოწყობილია ოთახების პრინციპით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს რეალურ პირობებში დაათვალიეროს და დატესტოს პროდუქცია. მაგალითად: გათბობის ჭკვიანი სისტემები, ინოვაციური მოწყობილობები. სანტექნიკა წარმოდგენილია ინტერიერში ისე, როგორც საბოლოო მომხმარებელთან ფუნქციონირებს.
გარდა ვიზუალური გამოცდილებისა, შოურუმში დასაქმებული ინჟინრები და პროექტანტები მომხმარებელს ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევენ და სრულ მომსახურებას შესთავაზებენ კონკრეტული სივრცის გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემებისთვის.
- რამდენი ადამიანი დასაქმდება “ბუდე+“- ში?
კომპანია „თერმოინდუსტრია“ ბაზარზე 13 წელია წარმატებით ოპერირებს და ჯამში დაახლოებით 100 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ბრენდს „ბუდე+“ ამ შოურუმში 25 ადამიანი დასაქმდება.
ინფორმაციისთვის, კომპანია „თერმოინდუსტრია“ 13 წელია ბაზარზეა და ამ დროისათვის ჯამში 8 ფილიალი აქვს სხვადასხვა რეგიონებში წარმოდგენილი. გარდა ამისა, 1 საწყობი დასავლეთში, ხოლო 2 საწყობი დედაქალაქში, საიდანაც მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდება ხდება.




























