საქართველოში კარგად იციან, რომ იაპონური Toyota განსაკუთრებით სანდო, გამძლე და ინჟინრულად გამართულ ავტომობილებს აწარმოებს - აი, სწორედ ამაზე მიუთითებს საქართველოს ავტოპარკში იაპონური ბრენდის ავტომობილების სიჭარბე. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 178,000-ზე მეტი Toyota არის რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი, წლებთან ერთად იზრდება. თუმცა საქართველოსთან ერთად, იაპონელ ინჟინრებს სხვა ქვეყნებშიც ენდობიან, რამე თუ არც ერთი სხვა საავტომობილო ბრენდი არ ყიდის იმდენ მანქანას, რამდენსაც Toyota. გასულ წელს, იაპონურმა ჰოლდინგმა 11.2 მილიონ ავტომობილზე მეტი გაყიდა, რაც ობიექტურად, დიდი მაჩვენებელია.
Toyota-ს სამოდელო რიგში არაერთ ავტომობილს ვხვდებით, მათ შორის ქროსოვერებს, სედანებსა და SUV-ებს, რომლებიც იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ შიდა წვის ძრავებს, ასევე ჰიბრიდულ სისტემას, რომლის შექმნასა და პოპულარიზებაში იაპონურ კომპანიას ლომის წილი მიუძღვის. ბოლო წლებში, Toyota-მ ლაინ-აპს არაერთი ელექტრომობილი და Plug-in ჰიბრიდი შემატა. თუმცა დროის გასვლასთან, სამოდელო ხაზის გადახარისხებასთან და ახალი ბაზრების ათვისებასთან ერთად, ერთი რამ უცვლელი რჩება - ეს იაპონური ბრენდის მიერ გამოშვებული საკულტო ყველგან მავლის, Land Cruiser-ის პოპულარობაა. ამ დრომდე, Toyota-მ მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 11 მილიონზე მეტი Land Cruiser-ი გაყიდა, სადაც ეს ავტომობილი განსაკუთრებით უყვართ.
სიყვარულის მიუხედავად, ან სწორედაც სიყვარულის გამო, დროსთან ერთად ცვლილებების აუცილებლობა დგება და გამონაკლისი არც ლეგენდარული Land Cruiser Prado აღმოჩნდა, რომელიც 2024 წელს განახლდა. ახალი ავტომობილი, მართალია, გარკვეულწილად, ახალ ფილოსოფიას ეფუძნება, მაგრამ იაპონელმა ინჟინრებმა მოახერხეს და ავტომობილს შეუნარჩუნეს ის სტატუსი, რომელიც მას 1950-იანი წლებიდან ჰქონდა, რამეთუ 2024 წლის Land Cruiser Prado ისეთივე კომპეტენტური ოფროუდერი და კომფორტული კრუიზერია, როგორიც მისი ნებისმიერი წინამორბედი. უგზოობაში კომფორტულად სიარული - ამ ავტომობილის გენეტიკური კოდის ნაწილია.
მაშ, რა შეიცვალა ახალ მოდელში და რა გამოარჩევს 2024 წლის Land Cruiser Prado-ს მისი წინამორბედებისგან? პირველი ცვლილება, რომელზედაც თვალს ვერ დავხუჭავთ - ავტომობილის დიზაინია, რომელიც, ობიექტურები თუ ვიქნებით, რადიკალურადაა შეცვლილი. ეს ავტომობილი კუბის ფორმისაა, რაც მას მეტად დომინანტურ მანქანად აქცევს და მიგვანიშნებს, რომ Land Cruiser-ის სერიაში მრგვალი ფორმების ერა უკვე ოფიციალურად დასრულდა. იაპონელი ინჟინრების მიერ შემუშავებულ დიზაინის ენასთან სრულ თანხვედრაშია, როგორც ახალი, მართკუთხედი ფორმის მაშუქები, ასევე მართხკუთხედი ცხაურა და განიერი გვერდითა ხედვის სარკეები - ყველაფერი ეს, ოფროუდერ ავტომობილის აუცილებელი ატრიბუტებია, რომლებიც, ამიერიდან, ახალი თაობის Prado-შიც გამოჩნდება.
დიზაინზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ წელს, Toyota-მ Land Cruiser Prado-ს ერთდროულად ორი მოდელი წარმოადგინა: პირველი - ტრადიციულ ფერებში გადაწყვეტილი სტანდარტული მოდელია, რომელიც მართხკუთხედი მაშუქებით ამოიცნობა, ხოლო მეორე - ლიმიტირებული რაოდენობით გამოშვებული First Edition-ია, რომელიც საავტომობილო ენთუზიასტებს 1984 წელს გამოშვებულ პირველ Land Cruiser Prado-ს ახსენებს. ეს მოდელი Toyota-ს სამოდელო ხაზში პირველი Prado იყო. ევროპის ბაზრისთვის ამ მოდელის 3,000 ერთეული არის გამოშვებული და მისი ამოცნობა თამამი ფერთა გამით და მრგვალი მაშუქებით შეიძლება.
თუკი უახლესი Prado-ს დიზაინი მკვეთრად შეიცვალა, იმავეს ვერ ვიტყვით მის აგებულებაზე, რადგან იაპონურ კომპანიის ფილოსოფიაში არის სამარადჟამო ჭეშმარიტებები, რომელთა შეცვლას Toyota-ში არ ჩქარობენ. ასეთ ხელშეუხებელ დეტალებს შორის მოხვდა ჩარჩოიანი ძარა, რომელსაც, ცხადია, ახალი თაობის Prado-შიც ვხვდებით. ეს მოდელი GA-F პლატფორმაზე არის აგებული, რომელსაც, სხვათა შორის, Land Cruiser Prado მის უფროს ძმასთან, Land Cruiser 300-თან იყოფს, რაც ასევე სიახლეა, რომლის არაღნიშვნა - დანაშაული იქნებოდა. Toyota-ს საკულტო ყველგანმავლის ახალი თაობის ჩარჩო მის წინამორბედზე 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, რაც თავად კონსტრუქციის მდგრადობაზე აისახება, რომელიც 2024 წლის მოდელში 30%-ით უფრო მტკიცე გახდა.
რას წარმოადგენს 2024 წლის Toyota Land Cruiser Prado და როგორ დგას ის გზაზე და ოფროუდზე?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად “ტოიოტა კავკასიამ” ქვემო სვანეთში, ტესტდრაივზე მიმიწვია, რომლის ფარგლებში ახალი Prado როგორც გზაზე, ასევე უგზოობაში და მდინარეშიც კი გამოვცადე. თუმცა სანამ ავტომობილის შესახებ შეგრძნებებს დასკვნის სახით შემოგთავაზებთ, გეტყვით, თუ როგორ იმართება ეს ავტომობილი და როგორ გამოიყურება მისი ინტერიერი.
ინტერიერზე საუბრისას, პირველ რიგში ცენტრალური პანელი უნდა ვახსენოთ, რადგან სწორედ ეს არის ის ნაწილი, რომელსაც მძღოლი ავტომობილის შიგნით პირველ რიგში აკვირდება. 2024 წლის Land Cruiser Prado გაცილებით უფრო ტექნოლოგიური ავტომობილია, ვიდრე მისი წინამორბედები, რაც გამოიხატება, როგორც ახალი ძარათი, ასევე გაუმჯობესებული ელექტრული საჭით და არაერთი ჭკვიანი სისტემით, რომელიც ჩაშენებულია, როგორც ავტომობილის საინფორმაციო-გასართობ სისტემაში, ასევე მის სტრუქტურაში. ავტომობილში ორ მონიტორს ვხვდებით, ესენია - 12.3-ინჩიანი ძირითადი მონიტორი და 7-ინჩიანი სამართავი პანელი, მაგრამ ზოგიერთი კომპლექტაციის Prado-ში ასევე არის AR-ტექნოლოგიით შექმნილი დამატებითი დისპლეი, რომელიც, ალალები თუ ვიქნებით, გაცილებით მინიმალისტურია, ვიდრე სხვა ავტომობილებში.
ერთი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვყო - ახალ Land Cruiser Prado-ში ღილაკების არსებობას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, საავტომობილო ინდუსტრიაში ერთგვარი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც ავტომობილებში დიდი ზომის ეკრანების დამონტაჟებას და ფაქტობრივად ყველა ფუნქციის ამ მონიტორში ჩაშენებას უკავშირდება. თუკი ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ - Tesla-ს რომელიმე ავტომობილი გაიხსენეთ. ამ ტენდენციას მარტივი ეკონომიკური ახსნა აქვს - ის უფრო იაფია. შედეგად, ღილაკების არსებობა ერთგვარ ფუფუნებად გადაიქცა, რომელსაც, როგორც წესი, პრემიულ ავტომობილებში ვხვდებით. ამგვარად, ჰაპტიკური უკუკავშირის მიღების საშუალებით, ახალმა Prado-მ, გარკვეულწილად, დამატებითი ქულები მიიღო.
განახლებული ავტომობილის შესაფასებლად ის აუცილებლად უნდა შედარდეს ამავე მოდელის წინა თაობის ავტომობილებს. ქვემო სვანეთში გამართული ტესტდრაივის დროს ახალი და წინა თაობის Land Cruiser Prado გამოვცადე და მართვაში განსხვავების არდანახვა, უბრალოდ შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ წინა თაობის ავტომობილი, რომელიც იმდენივეს იწონის, რამდენსაც ახალი, ანუ დაახლოებით 3,000 კილოგრამს, გაცილებით მძიმე და მოუქნელია, ვიდრე მისი ახალი მოდელი, რაც, დიდწილად, განახლებული საჭის მექანიზმის დამსახურებაა. თუმცა ეს ცვლილება იგრძნობა არამხოლოდ გზაზე, არამედ ოფროუდზეც, რომელსაც ახალი ავტომობილი უკეთესად და უფრო სანდოდ გადის.
მარტივად რომ ვთქვათ, ახალი თაობის Land Cruiser Prado გაცილებით უფრო “სპორტული”, ანუ ოფროუდს მეტად მორგებულია, ვიდრე მისი წინამორბედი. ეს ცვლილება, დიდწილად, ოფროუდისთვის საჭირო ფუნქციონალის განახლებას უკავშირდება. ახალი თაობის Prado-ში ვხვდებით, როგორც მრავალზედაპირიან სისტემას (ინგლ. Multi Terrain System), რომელიც ავტომობილის მოძრაობას სხვადასხვა ზედაპირის მიხედვით ცვლის, ასევე დაღმართის საკონტროლო მექანიზმს (ინგლ. Downhill Assist Control), რომლითაც ავტომობილი დაბალ სიჩქარეს და დაბალ ბრუნს ინარჩუნებს და, მარტივად რომ ვთქვათ, ციცაბო დაღმართზე თავისით ჩამოდის. ეს ფუნქციონალი ახალი არ არის, მაგრამ ახალი თაობის Prado-ში ის აშკარად, გაუმჯობესებულია.
დაკიდების სისტემასთან ერთად, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ავტომობილის ძრავების კომპლექტაციაზე, რადგან ოფროუდისთვის, ისევე, როგორც გზაზე სასიარულოდ, სიმძლავრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპული ბაზრისთვის ახალი Land Cruiser Prado ძრავის სამი კომპლექტაციით გამოდის, ესენია:
[1] 2.7 ლიტრის მოცულობის 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავი, რომელიც 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებს;
[2] 2.4 ლიტრის მოცულობის 4-ცილინდრიანი ბენზინის ტურბირებული ძრავი, რომელიც 277 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; და
[3] 2.8 ლიტრის მოცულობის 4-ცილინდრიანი დიზელის ტურბირებული ძრავი, რომელიც 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ახლა კი, შევაჯამოთ. დასკვნის სახით - 2024 წლის Land Cruiser Prado მისი წინამორბედი ავტომობილებისგან შინაარსობრივად და ფილოსოფიურად განსხვავდება, მაგრამ ეს სხვაობა, ამ შემთხვევაში - უპირატესობაა. განახლებული Land Cruiser Prado გაცილებით მოქნილი, მიმზიდველი, ტექნოლოგიურად განვითარებული და კომფორტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ავტომობილი მშვენივრად ასრულებს მის მთავარ დანიშნულებას, რომელიც კომპეტენტურობას და კომფორტულ კრუიზერობას გულისხმობს. ახალი თაობის Land Cruiser Prado ორივე დანიშნულებას ასრულებს, რაც იაპონელი ინჟინრების გამარჯვებაა.
2024 წლის Land Cruiser Prado ფასის რამდენიმე კომპლექტაციით არის ხელმისაწვდომი, რომელიც 131,400 ლარიდან - 209,500 ლარამდე მერყეობს. ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომია, როგორც “ტოიოტა ცენტრ თბილისში”, ასევე “ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და “ტოიოტა ცენტრ ბათუმში”.