საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კავკასუს ონლაინს 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ამ ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნება განხილული. ამ დროისთვის უცნობია იქნება თუ არა ეს სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.
"უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და ჩვენ ამ ტრანზაქციას არ ვაღიარებთ" - განაცხადა სხდომაზე კახა კომისიის ხელმძღვანელმა ბექაურმა.
"კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს.
ეს უკვე მეექვსე სანქციაა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის მიმართ გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს და 25 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ დააკისრა,"- ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “კავკასუს ონლაინს” 2020 წლის პირველ აგვისტომდე მისცა ვადა იმისთვის, რათა ტრანზაქცია, რომლითაც აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა NEQSOL-მა "კავკასუს ონლაინი" იყიდა გაბათილებულიყო და კომპანიის 49%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაბრუნებოდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.
თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.
სწორედ ეს დავა გახდა მიზეზი, რის გამოც, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
თავისმხრივ აზერბაიჯანილი ჰოლდინგის მიზანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით ახალი ციფრული დერეფანის შექმნაა.
NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.