მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს - ადმინისტრაცია

სამთავრობო კომისია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს კობახიძის ადმინისტრაციაში გაიმართა.

უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისია საქმიანობას შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით განახორციელებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სასურსათო პროდუქციის რეალურ ღირებულებაზე, ფასების სტრუქტურასა და იმ რგოლებზე, სადაც შესაძლებელია არალოგიკური ფასნამატების არსებობა. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას ეტაპობრივად დაიწყება.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები