საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. ბოლო მონაცემებით, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „რეგულარის“ ტიპის ბენზინის ფასი 3.95–4.08 ლარის ფარგლებში მერყეობს, „პრემიუმი“ - 4.25–4.32 ლარი; „სუპერი“ - 4.40–4.60 ლარი; ხოლო დიზელის ღირებულება 4.93–5.07 ლარს შეადგენს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში პროდუქტის ღირებულება, კატეგორიების მიხედვით, 25-იდან 56 თეთრამდე გაიზარდა.
საწვავის საბოლოო საცალო ფასი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. 4.08-ლარიანი „რეგულარის“ მაგალითზე, სტრუქტურაში შედის საერთაშორისო თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები და მარჟა, აგრეთვე სახელმწიფო გადასახადები - აქციზი და დღგ.
Platts-ის ფასი
საწვავის საცალო ფასის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების კოტირება განსაზღვრავს. მოცემულ გაანგარიშებაში გამოყენებულია Platts-ის ინდექსი — $1,300.65 ტონაზე. თუმცა, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე ფასი ტონებშია დადგენილი, ხოლო საცალო ქსელში რეალიზაცია ლიტრებში ხორციელდება, გადაანგარიშებისას გაითვალისწინება საწვავის სიმკვრივე (1 ლიტრი ბენზინი ≈ 0.735 კგ; 1 ტონა ≈ 1,360 ლიტრი). ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე Platts-ის ფასი არ ნიშნავს, რომ ნავთობის იმპორტიორმა ერთი ტონის იმპორტში 1300.65 დოლარი გადაიხადა, რადგანაც ქვეყანაში ნებისმიერი საქონლის იმპორტისას აუცილებელია მასზე დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა, რაც რეალურ ღირებულებას ადგილობრივი იმპორტიორისთვის 1534.8 დოლარამდე ზრდის.
- თვითღირებულება იმპორტისას დღგ-ის გარეშე ლიტრზე: 2.50 ლარი;
- უშუალოდ თვითღირებულებაზე, Platts-ზე დარიცხული დღგ: 0.45 ლარი;
- ლიტრის თვითღირებულება დღგ-ის ჩათვლით: 2.95 ლარი. ეს კი საბოლოოდ 4.08 ლარის საწვავის ღირებულების 72.8%-ია.
აქციზის გადასახადი ლიტრზე 0.37 ლარი (დღგ-ის გარეშე)
ბენზინზე მოქმედებს ფიქსირებული საგადასახადო განაკვეთი — 500 ლარი 1 ტონაზე. ლიტრებში გადაყვანისას (სიმკვრივის გათვალისწინებით) აქციზის წილი 1 ლიტრზე დაახლოებით 37 თეთრს შეადგენს. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ აქციზის ფასი ემატება გასაყიდ ფასს, თავის მხრივ ისიც ახდენს გავლენას დამატებული ღირებულების გადასახადზე. შესაბამისად, ერთ ლიტრზე აქციზის 37 თეთრის განაკვეთს თან ახლავს 6.7 თეთრის დღგ, ანუ აქციზის ჯამი დღგ-ის გათვალისწინებით ლიტრზე 43.7 თეთრს აღწევს, რაც საბოლოო ფასის (4.08 ლარის) 10.5%-ია.
საოპერაციო ხარჯები და კომპანიის მარჟა ლიტრზე - 0.59 ლარი (დღგ-ის გარეშე)
საერთაშორისო თვითღირებულებისა და აქციზის გამოკლების შემდეგ დარჩენილი 59 თეთრი მოიცავს სექტორის საოპერაციო და ლოგისტიკურ ხარჯებს:
- ტრანსპორტირება, შენახვა და ტერმინალის მომსახურება;
- ავტოგასამართი სადგურების საოპერაციო, ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯები;
- კომპანიის სავაჭრო მარჟა.
აღნიშნულ კომპონენტზე დღგ-ის დარიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად:
- საოპერაციო ნაწილი და მარჟა: 0.59 ლარი
- დარიცხული დღგ (18%): ~0.11 ლარი (10.6 თეთრი)
შესაბამისად, საოპერაციო ხარჯების; ლოგისტიკის ხარჯების და მოგების მარჟის ლიტრზე 0.59 თეთრის განსაზღვრას თან ახლავს 10.6 თეთრის დღგ. ეს კი საბოლოო ფასის 17%-ია.
დღგ-ის წვლილი თითოეულ კომპონენტში ასე ნაწილდება:
4.08-ლარიან საბოლოო ფასში შემავალი 62 თეთრი დღგ სამი ძირითადი კომპონენტისგან ჯამდება:
- ლიტრის თვითღირებულების დღგ: 2.50 ლარი × 18% = 0.45 ლარი
- საოპერაციო ხარჯებისა და მოგების მარჟის დღგ: 0.59 ლარი × 18% = 0.11 ლარი
- აქციზის დღგ: 0.37 ლარი × 18% = 0.07 ლარი
- სულ დღგ: 0.62 ლარი
შესაბამისად, საცალო ფასში დღგ-ის აბსოლუტური მოცულობა იზრდება თვითღირებულების ან მარჟის მატების პარალელურად, აქციზის უცვლელი განაკვეთის პირობებშიც. პროდუქციის თვითღირებულების 1 თეთრით გაზრდა საბოლოო საცალო ფასზე 1.18 თეთრის ოდენობით აისახება.
4.08-ლარიანი საწვავის (1 ლიტრი) ფასის გადანაწილება კომპონენტების მიხედვით
| კომპონენტი | თანხა (GEL) | წილი საბოლოო ფასში |
| საერთაშორისო თვითღირებულება Platts-ის ფასი იმპორტამდე | 2.50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით კი ₾2.95 | 61.27% დღგ-ის ჩათვლით კი 72.8%; |
| კომპანიის ხარჯები და მარჟა | 0.59 ლარი, დღგ-ის ჩათვლით კი ₾0.70 | 14.46% დღგ-ის ჩათვლით კი 17%; |
| აქციზი | 0.37 ლარი, დღგ-ის ჩათვლით კი ₾0.44 | 9.07% დღგ-ის ჩათვლით კი 10.5% |
| დღგ (სულ) | 0.62 ლარი | 15.20% |
| მათ შორის დღგ იმპორტზე (2.50 × 18%) | 0.45 ლარი | 11.03% |
| მათ შორის დღგ საოპერაციო ხარჯებსა და მარჟაზე (0.59 × 18%) | 0.11 ლარი | 2.60% |
| მათ შორის დღგ აქციზზე (0.37 × 18%) | 0.07 ლარი | 1.57% |
| სულ (საცალო ფასი) | 4.08 ლარი | 100.00% |
დღგ-ის და აქციზის ჯამი კი 4.08 ლარის ფასი რეგულარის ბენზინზე 99 თეთრს შეადგენს.
























