პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, საწვავის ფასების ზრდა მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება და ხელისუფლება ფასების შემცირებას ვითარების დარეგულირების შემდეგ ელოდება.
„ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება, თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც დასწევს ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ნავთობზე აქციზის განახევრებაც კი საწვავის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ვერ უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ეფექტი დაახლოებით 25 თეთრი იქნებოდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილებამ შესაძლოა ერთ დღეშიც გაანეიტრალოს.
კაკაურიძემ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატ გიორგი შარაშიძის კითხვას უპასუხა. შარაშიძე დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა საწვავზე აქციზის დროებით შემცირება ან გადავადება, როგორც ინფლაციური წნეხის შემსუბუქების ღონისძიება.
საქსტატის 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, საწვავის ფასების ზრდამ წლიურ ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ბენზინი კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის წლიურად გაძვირებული.
























