მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა - რა წერია კანონპროექტში?

სს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში მსჯავრდებულები იქნებიან, 30 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციების შევსება მოუწევთ, რაც, მისივე თქმით, პრევენციული მექანიზმი იქნება.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, დეკლარაციის შეუვსებლობა, კანონის თანახმად, შესაბამის პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს, რომელიც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

კანონპროექტის თანახმად, პირი ვალდებულია გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.

კანონპროექტის თანახმად, დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

კანონპროექტში ასევე წერია, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

„მაშინ, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის, ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად რეაგირებენ ყველა იმ ფაქტზე, სადაც შესაძლებელია კორუფციული დანაშაულის ნიშნები იყოს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმაც შეიმუშაოს ცვლილებები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ჩართული. როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე „ქართული ოცნების“ სურვილი, მიზანი და ამოცანაა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში, ეტაპობრივად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე იყოს. ეს არ არის უბრალოდ სამეულში ადგილის დაფიქსირება. ეს ის საკითხია, რომელიც კრიტიკულად არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კორუფციული დანაშაულები ხდება, ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ ბიუჯეტისა და ხალხის თანხის მითვისება. ეს აჩერებს ეკონომიკურ აქტივობას და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები