იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების წესს, ასევე დისციპლინური გადაცდომის პასუხისმგებლობის საკითხებს უკავშირდება.
კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ქართული ოცნების სხვა წევრები არიან. სხდომაზე კანონპროექტის წარმდგენის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 დათქმის მოთხოვნების შესრულებით. თავად ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში, საუბარია, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნები და უზრუნველყოს ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის გატარება.
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
- პირის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა − სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების ქონა − იცვლება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების ქონის მოთხოვნით.
- რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ გასაჩივრების შედეგად კანდიდატის ხელახალი შეფასებისას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას.
- მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით: ა) ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი; ბ) მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე; გ) ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
- მკაცრდება აკრძალვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე; კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი იზრდება 6 თვემდე. ამასთანავე, დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.
- მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან იზრდება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე.
კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.