მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში  შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

სს
19.02.24 19:18
309

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

მათი ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის ინსპექტირების პროცესზე მაკონტროლებელი ქმედებები განხორციელდეს სათანადოდ.

„მიზანშეწონილია, ნათლად განისაზღვროს აკრედიტაციის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოვალეობები აკრედიტაციის, მისი პირობების შესრულების და ინსპექტირების პროცესის მიმდინარე კონტროლის ფუნქციებთან დაკავშირებით“, -განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

კანონპროექტით სააგენტოსთვის განისაზღვრება ინსპექტირების პროცესის შეფასების უფლებამოსლება. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება.

მომხსენებლის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ინსპექტირების პროცესის ეფექტიანობას და გაჯანსაღებას.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები