საქართველოს პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის Black Sea Petroleum-ის მიზანია, ექსპორტთან ერთად, ადგილობრივი ბაზარი სრულად უზრუნველყოს ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინით, დიზელითა და საავიაციო საწვავით - ამის შესახებ კომპანიის CEO და თანადამფუძნებელი დავით ფოცხვერია გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, სადაც კომპანიის პირველი ფაზის ფარგლებში აშენებული საწარმოს და მეორე ფაზის განვითარების გეგმებსაც ჰყვება.
ყულევში პროექტი $600-მილიონიანი ინვესტიციით ხორციელდება და მისი პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს აღემატება, აღნიშნულის შედეგად 1.2 მილიონი ტონის წლიური წარმადობის ქარხანა მოეწყო, რომელიც ნაფტას, მაზუთს და დიზელის წარმოებისთვის საჭირო ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ევრო5-ის მარკის ბენზინის, საავიაციო საწვავის და ევროდიზელის წარმოება შეეძლება, წლიური წარმადობა კი 4.5 მილიონი ტონა იქნება.
შესაბამისად, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ამჟამად კი ქარხანა ნავთობპროდუქტების ნახევარფაბრიკატების წარმოებით არის დაკავებული, რომელსაც კომპანიები მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით ყიდულობენ.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ ნაფთას და მაღალგოგირდიან დიზელს, რომელიც შემდგომი დამუშავების შედეგად უკვე საავტომობილო ევრო 5-ის სტანდარტის საწვავად მოგვევლინება შესაბამისი ბლოკების არსებობის შემთხვევაში. ასევე ვაწარმოებთ მაზუთს.
თუ ვაკუუმის ტექნოლოგიურ ციკლზე ვისაუბრებთ, ვაკუუმური გადამუშავების დამატების შედეგად, უკვე საკმაოდ მალე, 2027 წლის დასაწყისში უნდა გვქონდეს ვაკუუმის გადამუშავება. ასევე დაინერგება ბიტუმის წარმოება და პროდუქციის მრავალფეროვნებაც გაიზრდება,"- აცხადებს დავით ფოცხვერია.
"ბლექ სი პეტროლიუმმა" პროდუქციის წარმოება 2025 წლის ბოლოს დაიწყო როგორც დავით ფოცხვერია აღნიშნავს კომპანიის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მყიდველთა შორის არიან ნავთობპროდუქტების ვაჭრობით დაკავებული ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანია Trafigura და საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია Saudi Aramco.
“სხვათა შორის, ჩვენი მოქმედი კლიენტების ბაზაში უკვე ძალიან სახელგანთქმული კომპანიები გვყავს. ნუსხაში არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Saudi Aramco და Trafigura უმსხვილესი სავაჭრო სატრეიდინგო კომპანია,”- აღნიშნავს დავით ფოცხვერია.
მისივე თქმით, პროექტი საქართველოში ფაქტობრივად ახალი სანავთობო დარგის დაფუძნებას და ქვეყნის სავაჭრო შემადგენლობის შეცვლისთვის ქვეყნის ნავთობექსპორტიორად გარდაქმნაზე არის ორიენტირებული.
კომპანიამ საქმიანობა რუსული ნედლეულის გადამუშავებით დაიწყო, თუმცა როგორც დავით ფოცხვერია BMG-სთან ექსკლუზიურ იტერვიუში განმარტავს, მათი მიზანია უახლოეს მომავალში სრულად ჩაანაცვლონ რუსული ნავთობი თურქმენული, შემდგომ კი ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ნედლეულით, რაც შესაძლებელს გახდის რომ მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირში გავიდეს, ვინაიდან ამჟამად ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობით წარმოებული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალულია, კომპანიის სტრატეგიულ მიზანს კი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელება წარმოადგენს.
ერთ-ერთ სირთულედ დავით ფოცხვერია აზერბაიჯანის მიერ თურქმენული ნავთობის საქართველოს მიმართულებით ტრანზიტის დაწყების გაჭიანურებას ასახელებს. მისი თქმით, BSP იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება, რასაც შემდგომში ყაზახური ნავთობის ყულევამდე ტრანზიტის დაწყებაც უნდა დაემატოს.
“ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად გაჭირდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელება ჩვენი მიმართულებით. ამ შემთხვევაში თურქმენული ნავთობი მაქვს მხედველობაში, რომელზეც ჩვენ უკვე შეთანხმებას რამდენიმე თვეა მივაღწიეთ, მაგრამ ჭიანურდება ჩვენდა სამწუხაროდ ამის ტრანსპორტირება. მაგრამ მე, რასაკვირველია, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე აწ უკვე გადაწყდება ეს საკითხი და ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე ეს სარკინიგზო ჯაჭვი გავააქტიუროთ, რასაც მერე შემდეგ უკვე მოჰყვება ყაზახური ნავთობი და ასე შემდეგ,”- განაცხადა დავით ფოცხვერიამ.
BSP-ის ქარხანამ 2026 წლის დასაწყისში სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ამერიკულ კორპორაცია Honeywell-თან, რომელიც კომპანიას მიაწვდის საინჟინრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს თანამედროვე ნავთობის გადამუშავების საწარმოო ხაზის მოსაწყობად, რაც შესაძლებელს გახდის კომპანიამ აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.
ამასთან, დავით ფოცხვერიას განცხადებით მოლაპარაკებები არის აშშ-ის იმპორტ-ექსპორტის ბანკთან, რათა Honeywell-ის ტექნოლოგიების საქართველოსთვის მიწოდების ფინანსირება სწორედ აშშ-მა მოახდინოს.




























