კომპანია m²-ის ახალი მფლობელი შპს "თრასთ ჰოლდინგია". შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრშია ასახული.
საქმე ისაა, რომ "საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) შვილობილი დეველოპერული კომპანია m² გაყიდა. საინვესტიციო ჯგუფმა ინფორმაცია კომპანიის ადგილობრივ ინვესტორებზე გასხვისების შესახებ საკუთარ ვებგვერდზე 5 ივნისს გამოაქვეყნა.
როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებმა 5 მაისს გააფორმეს. შედეგად, შპს "თრასთ ჰოლდინგმა" შპს "ემ2 ჯგუფი" შეიძინა.
მყიდველი შპს "თრასთ ჰოლდინგი" მიმდინარე წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 70%-იანი წილი ეკუთვნის ლაშა კვაჭაძეს, ხოლო 30% დიმიტრი ადამიას, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორია. ამასთან, სწორედ დიმიტრი ადამია დაინიშნა შპს "ემ2 ჯგუფის" ახალ დირექტორად.
ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე დეველოპერული კომპანია Blox Group-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ჩართულია Trump Tower Tbilisi-ს პროექტში.
აღსანიშნავია, რომ გარიგების ღირებულება კომერციული საიდუმლოებაა.




























