დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ თბილისში 70-სართულიანი ფეშენებელური ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის შესახებ The Trump Organization-ის ოფიციალურ გვერდზეც დაწერეს. მათი ინფორმაციით, თბილისში Trump Tower-ის პროექტი Biograpi Living-ის, „არქი ჯგუფის“, The Sapir Organization-ის, Blox Group-ისა და Finvest Georgia-ს თანამშრომლობით ხორციელდება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონში „ტრამპის“ ბრენდის პროექტი ხორციელდება. პროექტის ავტორების თქმით, ეს ნაბიჯი თბილისის, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ბიზნესჰაბის, მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
შენობა ცენტრალური პარკის [იპოდრომის] მიმდებარედ განთავსდება და მოიცავს ლუქს რეზიდენციებს, მაღალი კლასის სავაჭრო ობიექტებსა და რესტორნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Trump Tower-ი დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოში ყველაზე მაღალი შენობის ნიშას დაიკავებს. პროექტზე მსოფლიოს უმსხვილესი არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს.
bm.ge კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:
The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ერიკ ტრამპი აღნიშნავს: „სახელი ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული უძრავი ქონების დეველოპმენტის სინონიმია და Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს სრულყოფილების ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი და განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან ვთანამშრომლობთ.“
კომპანიის ოფიციალური გვერდი წერს, რომ განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს პროექტს ალექს საპირისთვის, The Sapir Organization-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომლის მშობლებიც საქართველოში დაიბადნენ.
„საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ვიყავი, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. ამან გამახსენა, რამდენად ღრმაა ჩემი კავშირი ამ ქვეყანასთან და შთამაგონა მეფიქრა, როგორ შემეძლო მასში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. უკიდურესად ვამაყობ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვაშენებთ ჩვენს მეორე ტრამპის შენობას იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ.“
„არქი ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ილია წულაია პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს:
„Trump Tower Tbilisi-ით ჩვენ ამ ამბიციას სიცოცხლეს ვანიჭებთ მისი ყველაზე საკულტო ფორმით – ვქმნით ორიენტირს, რომელიც გარდაქმნის ქალაქის ცას და აამაღლებს საქართველოს როლს გლობალურ სცენაზე. Trump Organization-თან ერთად, „არქი“ ამაყობს, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაში.“
Biograpi Living-ის (რომელსაც ზურგს უმაგრებს ჯგუფი INVIA — ყოფილი „ვისოლ ჯგუფი“) აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე აცხადებს:
„Biograpi Living-ი მხოლოდ პროექტებს არ აშენებს – ჩვენ საქართველოში ურბანული ცხოვრების მომავალს ვქმნით. ისეთი საკულტო დეველოპმენტებით, როგორიცაა Trump Tower Tbilisi... ჩვენ ქალაქში შემოგვაქვს ამბიციის, ხარისხისა და გლობალური აქტუალობის ახალი დონე.“
პროექტში ჩართული Blox Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე ხაზს უსვამს საერთაშორისო ნდობას:
„Trump Organization-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია. ეს გამორჩეული პროექტი ასახავს მყარ საერთაშორისო ნდობას და ქმნის ხანგრძლივ ღირებულებას ბაზრისთვის.“
ხოლო Finvest Georgia-ს თანადამფუძნებელი ლაშა მელაძე პროექტს ისტორიულ მიღწევად აფასებს:
„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვარ ჩართული. Trump Tower Tbilisi წარმოადგენს მთავარ ეტაპს საქართველოს პოზიციონირებისთვის გლობალურ საინვესტიციო რუკაზე და ისტორიულ მიღწევას ჩვენი რეგიონისთვის.“
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. თბილისში პრემიუმ საცხოვრებლების ფასი ყოველწლიურად 7-10 პროცენტით იზრდება. ქალაქს ხშირად ადარებენ ისეთ მზარდ მიმართულებებს, როგორიცაა ლისაბონი ან ადრეული ეტაპის დუბაი.
პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის არქიტექტურის, დიზაინისა და გაყიდვების შესახებ ინფორმაცია, მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი.
BMG დამატებითი დეტალების, მათ შორის ვადების და ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ქართველ დეველოპერებთან დაკავშირებას ცდილობს.
შეგახსენებთ, Trump Organization-მა 2012 წელს გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში [მაშინ, ტრამპი საქართველოსაც სტუმრობდა]. თუმცა, როგორც WSJ წერს, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, სხვა მრავალ უცხოურ გარიგებასთან ერთად, - რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილება.




























