კომპანია „მალასა“ საწარმოს წილის 25%-ს ყიდის. ამის შესახებ BM.GE -სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, გიორგი ათუაშვილმა განაცხადა.
შპს „მალასა“ საქართველოს მასშტაბით ერთადერთ ეროვნულ საწარმოს წარმოადგენს, რომლის საქმიანობაც ადგილობრივ მრეწველობას, კერძოდ ლატექსით დაფარული სამშენებლო ხელთათმანების წარმოებას მოიაზრებს. საწარმო ბაზარზე 6 წელია ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით სულ ექვსი სახის ხელთათმანის მოდელს აწარმოებს.
კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, საწარმოს წილის გასხვისების მიზეზი წარმოების ზრდის შესაძლებლობა გახდა. ამასთან, იმ პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე არსებობს. ანუ, სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფთ.
„ჩვენს მიერ წარმოებული ხელთათმანი არის ევროსტანდარტის შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ. ჩვენი მომხმარებლები, საქართველოს მსხვილი სამშენებლო სექტორის წარმომადგენელი კომპანიები არიან.
6 წლის წინ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოვიპოვეთ და წარმოება 2 საქსოვი დანადგარით დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, საწარმოს არსებული სიმძლავრე არის 3 მილიონი წყვილი წელიწადში. ანუ საწარმოში ინსტალირებული დანადგარების მეშვეობით ვქსოვთ 3 მილიონ წყვილ ხელთათმანს, იმ პირობებში როდესაც ამ სეგმენტის მთლიანი ბაზრის მოთხოვნა შეადგენს დაახლოებით 50 მილიონ წყვილს წელიწადში. მოგების მარჟა ამ ეტაპზე გვაქვს 40%, ხოლო ახალი პარტნიორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ, მარჟის 60%-მდე ზრდა გვინდა.
წარმოების ზრდისა და ექსპორტზე გატანის ორიენტაციით, ჩვენი საწარმოს წილის 25%-ს ვყიდით.
საწარმოო რესურსი 12 მლნ-ს შეადგენს, მაგრამ პარტნიორი - მეწილე სწორედ ჩვენი მიზნების შესასრულებლად გვჭირდება. წარმოების საჭირო რაოდენობა რომ მქონდეს, საექსპორტო ბაზრებზე ხვალვე გავიტანდი, “- აცხადებს ათუაშვილი.
მისივე ცნობით, კომპანია ექსპორტს იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში გეგმავს. ამასთან, ამჟამად საწარმოში 9 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, აქედან 7 საწარმოში დასაქმებული, ხოლო 2 დისტრიბუტორია, მაგრამ წარმოების გაფართოების შემდეგ კიდევ 5 დისტრიბუტორის დამატებას გეგმავენ. კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ განცხადება სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს, თუმცა დაინტერესება ძალიან დიდია.