კომპანია „ენკა“ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დღევანდელ აქციას სპეციალური
განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:
„გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი. ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან. მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას".
ცნობისთვის, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში შეიკრიბნენ. დემონსტრანტთა ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მთავრობას ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა დრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქტივისტების ნაწილმა რესპუბლიკის მოედანზე კარვებიც გაშალა.