ღვინის ჩაის კომპანია “სტუმარი” ახალი ობიექტების დამატებაზე მუშაობს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ბუკიამ BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია ,,სტუმარი“ აქტიურად მუშაობს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, რაც მოიცავს შემდეგს: მომხმარებელთან ურთიერთობის გააქტიურება; საწარმოს სარემონტო სამუშაოების დასრულება, დამატებითი მანქანა დანადგარების შესყიდვა; არსებული ქსელის განვითარება/ზრდა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე მუშაობა.
“მომხმარებლებთან ურთიერთობის კუთხით, იგეგმება პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობების, უნიკალურობის, სასარგებლო თვისებებისა თუ მახასიათებლების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდება.ბრენდის ცნობადობის ამაღლება და ღვინის ჩაის შესახებ უნიკალური მახასიათებლების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მომხმარებელსა და ბრენდს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება. რაც შეეხება კომპანია ,,სტუმარის“ საწარმოს, იგი კახეთის რეგიონში მდებარეობს ამჟამად კი მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინეთ მანქანა დანადგარების კუთხით დიდი ინვესტიციის განხორციელება, რომელიც საწარმო რესურსების გაზრდაში დაგვეხმარება, ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს უკვე არსებული ქსელის განვითარება და ახალი ობიექტების დამატებაზე მუშაობა, რათა ღვინის ჩაის შეძენა კიდევ უფრო მეტ ობიექტში იყოს შესაძლებელი. ამასთანავე ვმუშაობთ ,,ღვინის ჩაის“ გარდა სხვა პროდუქტების დამატებაზე, ასორტიმენტის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზებაზე”, - დასძინა მან.
ამასთან, დამფუძნებელი მომხმარებლის დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი დადებითია.
“2021 წლამდე, ,,ღვინის ჩაიმ“ გაიარა წარმოების ყველა საჭირო ტექნიკური ეტაპი, ჩატარდა 150-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და პროდუქტი წარმოგვიდგა საბოლოო სახით. 2021 წელსვე მოხდა ,,სტუმარის“ ბრენდის ბაზარზე გამოჩენა და ,,ღვინის ჩაის“ მომხმარებლებისთვის შეთავაზება. ამის პარალელურად კომპანიამ დაიწყო ,,ღვინის ჩაის“ შეტანა სხვადასხვა ბრენდულ ჰიპერმარკეტებში თუ ჰორეკა ობიექტებში.ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მაღალი იყო დაინტერესება მომხმარებლების მხრიდან, თუმცა აქტიური გაყიდვების ეტაპზე კომპანია ახლა გადადის, რადგან პროდუქტის საბოლოო სახის მიღების შემდეგ, მოხდა მარაგებისა და რესურსების მობილიზება და საწარმოს მშენებლობის დასრულება. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მაღალი იყო ინტერესი ბრენდისა და პროდუქტის მიმართ.ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლო და მჭიდრო ურთიერთობების გზით, მათ სწორად მივაწოდებთ ,,სტუმარის“ ღირებულებებს”, - აღნიშნა ბუკიამ.
კითხვაზე, თუ რა სირთულეებს გადააწყდა კომპანია პროდუქტზე მუშაობისას, დამფუძნებელი პასუხობს, რომ მუშაობის პროცესში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია.
“გარდა იმისა, რომ სტარტაპის ჩამოყალიბება თავის თავში უკვე გულისხმობს არაერთ სირთულეს, ,,ღვინის ჩაის“ შემთხვევაში მას დაემატა ის, რომ იგი არის სრულიად უნიკალური და მსგავსი პროდუქტი ბაზარზე არ არსებობდა. ყველაზე დიდი სირთულე ,,ღვინის ჩაიზე“ მუშაობის პროცესში სწორედ ის იყო, რომ არ არსებობდა პროდუქტის შექმნის გამოცდილება, ასევე არ არსებობდა ტექნოლოგიური საწარმოო ხაზი, რისი შექმნაც ჩვენ, თავადვე მოგვიწია.საკმაოდ რთული იყო, ტექნიკური ხაზის იმგვარად აწყობა, რომ შეგვენარჩუნებინა, როგორც სასარგებლო თვისებები ამასთან გამორჩეული საგემოვნო არომატები. სირთულეს წარმოადგენდა შესაბამისი შრომითი რესურსის მოძიებაც, რომელთან ერთადაც უკვე შემდგომში მოხდა პროდუქტის საბოლოო სახის მიცემა და შესაბამისი ტექნოლოგიური ხაზის შექმნა თუ აწყობა. თუმცა საბოლოო ჯამში, ,,ღვინის ჩაიზე“ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო”, - დასძინა მან.
ცნობისთვის: “სტუმარი” 1,2 მლნ ლარის ინვესტიციით შეიქმნა და მისი საწარმო კახეთის რეგიონში მდებარეობს. კომპანია საჭირო ნედლეულს სხვადასხვა მცირე მარნებისა თუ მწარმოებლებისგან და ფერმერებისგან იღებს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიების ქსელ “გუდვილში”, “ბადაგში”, “8000 მოსავალში”, “რადისონ ქოლექშენში”, “ეროპროდუქტში”, Dunkin Donuts-ში, Duty Free Georgia-ში და სხვა. პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთში გადის, ხოლო მიმდინარე წელს იაპონიაშიც გავა.