მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია „ველსი” ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივის

602fd8a00971a
BM.GE
19.02.21 19:26
1625
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი” ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივის. როგორც კომპანიაში აცხდებენ, სებ-ის წინააღმდეგ სარჩელს 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.

საქმე იმაშია, რომ ეროვნულმა ბანკმა საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია "ველსის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა. მარეგულირებლის განცხადებით, კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა.

თავის მხრივ, სებ-ის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ კომპანიაში.

„18 თებერვალს, სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანიის „ველსი“-ს ფაქტებით და არგუმენტებით განმტკიცებულ კანონიერ ბრძოლას ეროვნულმა ბანკმა ლიცენზიის გაუქმებით უპასუხა. ქვეყნის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონს ბოროტად იყენებს და ამ ფაქტ(ებ)ს მუდმივ რეჟიმში ვასაჩივრებთ სასამართლოში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბროკერო კომპანიამ ღიად მიმართა თხოვნით საქართველოს მთავრობას, ხოლო მათ მიერ საქმის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გადაცემის და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაუქმების ქმედებები ფაქტობრივად, ერთდროულად განხორციელდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ველსის“ დირექტორის დიმიტრი სუკიასოვის თქმით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა ძალაუფლების უხეშად გადამეტების ფაქტი.

„მას შემდეგ, რაც ბრძოლამ მიიღო უთანასწორო ფორმა და დაფიქსირდა ძალაუფლების უხეშად გადამეტების არაერთი ფაქტი, არა მხოლოდ კობა გვენეტაძის, არამედ ეროვნული ბანკის სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელების მხრიდან, დახმარების თხოვნით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების საფუძვლიანი გამოკვლევის პროცესების დაწყებამდე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაგვიუქმა ლიცენზია“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, რომელიც ირწმუნება, რომ 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, კომპანიის მომხმარებლებს 178,000 აშშ დოლარამდე ფინანსური ზიანი მიადგათ, ხოლო ლიცენზიის გაუქმების შედეგად, ჯამური ზიანი 9 მილიონ ლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები