CMC ჯგუფის (Chiatura Management Company) განცხადება, რომ კომპანია მიწისქვეშა სამუშაოებს აჩერებს, დიდი კატასტროფა კომპანიისთვის არ არის, - ამის შესახებ ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მკვიდრმა, ტარიელ მიქაცაძემ BM.GE-სთან ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანია ღია მოპოვებას, იგივე კარიერული მოპოვების გაძლიერებას აპირებს, რაც დიდი ეკოლოგიური პრობლემების მაპროვოცირებელი იქნება.
რამდენიმე დღის წინ, კომპანია Chiatura Management Company-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანია ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს წყვეტს და "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მისივე თქმით, ჭიათურის მოსახლეობა სახელმწიფოს სთხოვს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ რეგიონი დატოვოს და მმართველობა თავად გადაიბაროს. ამასთან, მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მოპოვებული სიმდიდრით ფონდი შეიქმნას, რომლითაც ჭიათურელ ახალ თაობას განათლება და განვითარების პერსპექტივა უზრუნველყოფილი ექნებათ.
„CMC ჯგუფის ცნობით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოებს აჩერებს, ხოლო ღია მოპოვება, იგივე კარიერული მოპოვება უნდა რომ გააძლიეროს, რაც ძალიან დიდ ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომ, დიდად კატასტროფა კომპანიისთვის არ არის. იმიტომ, რომ აქ რჩება და არსად არ მიდის.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ კომპანიამ ჭიათურა დატოვოს, მმართველობა სახელმწიფომ გადაიბაროს და არა ვინმე სხვა კომპანიის წარმომადგენელმა. სახელმწიფო უნდა გახდეს ყველაფერზე პასუხისმგებელი. ასევე, გვაქვს მოთხოვნა, რომ ამ მოპოვებული სიმდიდრით შეიქმნას ფონდი, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ჭიათურელი ახალგაზრდობის განვითარებას და განათლებას მოხმარდება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, კომპანიის საქმიანობის შედეგად, ხალხს რომ დაზიანებული აქვს სახლები, რაც კანონის შესაბამისად უნდა მიხედოს. ყველაფერი, რა მოთხოვნაც გვაქვს, არის მთავრობისკენ მიმართული და არა კომპანიის მიმართ“, - ამბობს მიქაცაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობას მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა სამჯერ შეხვდნენ ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებს. მას შემდეგ, რაც მერიისგან დახმარებაზე მზაობა ვერ მიიღეს, მოთხოვნები დაუტოვეს და განუცხადეს, რომ მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებთან ექნებათ კომუნიკაცია. ის დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ერთი კვირის თავზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ექნება კონკრეტული პასუხი, მოსახლეობა ორშაბათიდან ჭიათურაში ფართო მასშტაბიან აქციას დააანონსებს.
„მზად ვართ, ჩვენი პროფესიონალ იურისტებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებიც მზად არიან ჭიათურის უანგაროდ გადასარჩენად, სახელმწიფოს წარმომადგენლებს დავუსხდეთ და ავუხსნათ, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად გამოსვლა.
ორშაბათიდან ფართო მასშტაბიან აქციის თარიღს გავაჟღერებთ. სამშაბათს გვქონდა პირველი გრანდიოზული აქცია და ველოდებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს. თუ ერთი კვირის თავზე ხელისუფლებას რამე კონკრეტული პასუხი არ ექნება, მეორე ფართო მასშტაბიან აქციას დავაორგანიზებთ. აქცია ჭიათურაშია დაგეგმილი. თბილისშიც გვინდოდა რაღაც დოზით აქცია გვეწარმოებინა, თუმცა კომპანიამ იმ საღამოსვე განაცხადა რომ ჭიათურიდან გადის და ხურავს მაღაროებს. ფაქტი დილიდანვე დადგა, როდესაც მასალები, რომლებიც მაღაროების დასაცავად არის შემოტანილი, კომპანია მის ტყიბულში გადაზიდვას ცდილობს. ჩვენ არ გვაქვს ადამიანური რესურსი, რომ გავიყოთ და ტყიბულშიც ვმართოთ აქცია და ჭიათურაშიც. ბევრი ობიექტები გვაქვს დასაცავი. მაშინ, როდესაც სამუშაო პროცესი აღდგება, ეს მასალები და ტექნიკა, რომელიც ჩვენი სახსრებით გვაქვს შეძენილი, გამოვიყენოთ", - ამბობს შუქრუთის მკვიდრი.