მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიათა გაკოტრების 5 ყველაზე ცნობილი შემთხვევა

ბანკროტი

ბიზნესინდუსტრია როგორც ამბიციური და წარმატებული ისტორიებით, ასევე დრამატული მარცხებითაა სავსე. კერძო კომპანიის გაკოტრება არც თუ ისე უცხო ფენომენია, თუმცა გაცილებით იშვიათია, როცა ერთ დროს ყველაზე მსხვილ და ცნობილ კომპანიებს, ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოებს, ვალების, არასწორი მენეჯმენტის, ბაზრის ცვლილებების ან სკანდალების გამო, ბანკროტის გამოცხადება უწევთ. ბიზნესის გაკოტრების გახმაურებული შემთხვევები კი კორპორაციებისა და ინვესტორებისთვის ერთგვარ გზამკვლევია, რომელიც მათ რისკების გადაზღვევაში ეხმარებათ.

Lehman Brothers

მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კომპანიის გაკოტრების ალბათ ყველაზე ცნობილი შემთხვევა Lehman Brothers-ს უკავშირდება. 2008 წლისთვის Lehman Brothers ქვეყნის რიგით მეოთხე უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი იყო, რომელიც $639 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავდა. თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კომპანიამ ბანკროტი გამოაცხადა და 25000 თანამშრომელი დაითხოვა.

1847 წელს დაფუძნებულმა საინვესტიციო ბანკმა 1930-იანი წლების დიდ დეპრესიას, ორ მსოფლიო ომს და სხვა მრავალ ეკონომიკურ კატასტროფას გაუძლო, ვიდრე გაკოტრებას მოაწერდა ხელს. ამის მთავარი მიზეზი კი აშშ-ში საბინაო ბაზრის კოლაფსი გახდა. 2004 წლისთვის ბანკმა რამდენიმე მსხვილი იპოთეკური კრედიტორი შეიძინა, რაც თავდაპირველად წარმატებულ სვლად ჩაითვალა. მაგრამ, როდესაც იპოთეკურმა ბაზარმა პირველი ბზარები გამოავლინა, წარმატების ისტორია მარცხის ტრაექტორიით დაიძრა. 2008 წლის 15 სექტემბერს $619 მილიარდი დოლარის ვალით Lehman Brothers-მა გაკოტრება გამოაცხადა.

Lehman Brothers-ის გაკოტრებამ შეძრა გლობალური ფინანსური სისტემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიის ლონდონის ოფისი და სხვა საერთაშორისო წარმომადგენლობები დაიხურა და სესხები გაძვირდა. ამავდროულად, მსხვილი საინვესტიციო ბანკის კოლაფსმა მსოფლიო ფინანსურ სისტემას რეფორმებისკენ უბიძგა, რისი წყალობითაც დღეს ფინანსური ბაზრები უფრო რეგულირებულია.

Enron Corporation

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ინოვაციურ და სწრაფად მზარდ კომპანიად იყო შეფასებული ერთ დროს Enron Corporation-იც, თუმცა მისი კოლაფსი ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საბუღალტრო სკანდალად იქცა.

“ენრონი” 1985 წელს, ბუნებრივი აირის ორი კომპანიის შერყწმის შედეგად დაფუძნდა. საქმიანობა სწრაფად გააფართოვა და ენერგეტიკული კომპანიიდან დივერსიფიცირებულ სუბიექტად გარდაიქმნა.

“ენრონის” კრახი, ძირითადად, თაღლითური ბუღალტრული პრაქტიკით იყო გამოწვეული. კომპანიამ საიდუმლო გარიგებები გააფორმა და, ვალების დასაფარად და დიდი მოგების წარმოსაჩენად, სპეციალური ბიზნესები დააფუძნა. საბუღალტრო ფირმა Arthur Andersen-ის დახმარებით, “ენრონი” ინვესტორებს შელამაზებულ შედეგებს უჩვენებდა მაშინ, როცა მისი ფინანსური მდგომარეობა სინამდვილეში სავალალო იყო. “ენრონის” თაღლითობის შესახებ ცნობილი 2001 წელს გახდა, მისი აქციები, რომლებიც მანამდე $90-ად ივაჭრებოდა, $1-მდე დაეცა და დეკემბერში კომპანიამ, $63.4 მილიარდის აქტივებით, ბანკროტი გამოაცხადა.

“ენრონის” სკანდალმა სრულად შეცვალა მიდგომა, რომლითაც კომპანიები თავიანთ ფინანსურ ინფორმაციას განკარგავენ და აზიარებენ. ცვლილებები შევიდა აშშ-ის კანონმდებლობაშიც და კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად იქცა.

General Motors

მეოცე საუკუნის გიგანტმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მა ბანკროტი 2009 წელს გამოაცხადა, რაც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მარცხად მოინიშნა. General Motors 1908 წელს დაფუძნდა და ინდუსტრიის ლიდერად მალევე იქცა. კომპანიის მფლობელობაში იყო ისეთი ბრენდები, როგორებიც Chevrolet, GMC და Cadillac-ია. 2000-იან წლებში ჯენერალ მოტორსი მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: გაიზარდა შრომის ხარჯები, შეიცვალა გლობალური ეკონომიკა და შემცირდა კომპანიის ბაზრის წილი.

არასათანადო მენეჯმენტის და Toyota-სა და Honda-ს მსგავსი უცხოური კომპანიების მხრიდან მზარდი კონკურენციის ფონზე, 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა GM-ის პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. ადამიანებმა ახალი ავტომობილების ყიდვა შეწყვიტეს, კომპანიის შემოსავლები კი შემცირდა. 2009 წლის 1 ივნისს General Motors-მა ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლოს გა­კოტ­რე­ბის გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თა. გა­კოტ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მთავრობა კომ­პა­ნი­ას $50 მი­ლი­არ­დით და­ეხ­მა­რა, თვი­თონ კი აქ­ცი­ე­ბის 60% მი­ი­ღო - ამ გარიგებამ GM-ს რესტრუქტურიზაციის და, საბოლოოდ, ბანკროტის დაძლევის შესაძლებლობა მისცა.

General Motors-ის მარცხზე ხალხის მოსაზრება ორად გაიყო. ზოგი ფიქრობდა, რომ კომპანია საერთოდ უნდა გაუქმებულიყო, სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ მთთავრობის ხელშეწყობა აუცილებელიც იყო, რათა ქვეყანას ეკონომიკის გაუარესებისთვის არ შეეწყო ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიის გაკოტრებამ ავტომწარმოებლებს უბიძგა, ახალ, ინოვაციურ და უფრო ეკონომიურ მოდელებზე ემუშავათ.

Washington Mutual

სესხებისა და დანაზოგების უმსხვილესი ასოციაცია Washington Mutual ასევე იპოთეკური ბაზრის კოლაფსმა ჩაყლაპა. ორგანიზაცია, რომელიც 1889 წელს დაფუძნდა, ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტად იქცა, განსაკუთრებით, იპოთეკური სესხებისა და საკრედიტო ბარათების მიმართულებით.

კომპანიის აღზევებაც და დაცემაც იპოთეკური სესხების ბაზარზე მის აგრესიულ ექსპანსიას უკავშირდება. ორგანიზაციამ არაერთი მსხვილი სესხი გასცა გაფუჭებული საკრედიტო ისტორიის მქონე პირებზე. ხოლო როცა საბინაო ბაზარი შენელდა, Washington Mutual-მა მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა. 2008 წლის სექტემბრის სულ რაღაც 10 დღეში ბანკის კლიენტებმა ანგარიშებიდან $16.7 მილიარდი დოლარის დეპოზიტები მოხსნეს. კომპანიამ დანაკარგების შევსება ვერ შეძლო: 25 სექტემბერს ფედერალურმა მარეგულირებელმა ის გაკოტრებულად გამოაცხადა. $307 მილიარდიანი აქტივებით, Washington Mutual-ი აშშ-ის ისტორიაში უდიდესი ბანკია, რომელიც გაკოტრდა. მისი აქტივების ძირითადი ნაწილი, მთავრობის შუამდგომლობით, JPMorgan-მა შეისყიდა.

ბანკის კოლაფსმა აშშ-ის საბანკო სისტემის მანკიერებები გამოავლინა, განსაკუთრებით როცა საქმე იპოთეკურ სესხებს ეხებოდა. ამასთან, ორგანიზაციის მარცხმა კიდევ უფრო გააღრმავა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, ადამიანებს კი დეპოზიტებისა და სესხების ინდუსტრია განსხვავებული თვალით დაანახა.

Toys R Us

სათამაშოების მაღაზიის უდიდესი ქსელი Toys R Us 70-წლიანი ოპერირების შემდეგ, 2017 წელს გაკოტრდა. კომპანიამ, რომელიც 1948 წელს დაფუძნდა, როგორც ჩანს, ელექტრონული კომერციის აღზევებას ფეხი ვერ აუწყო.

Toys R Us 2005 წელს კერძო ინვესტორთა კონსორციუმმა 6.6 მილიარდ დოლარად, ნასესხები ფულით შეისყიდა, რამაც კომპანიას $5 მილიარდიანი ვალი დაადო. ვალის ფონზე ქსელს გაყიდვების ონლაინ არხების გაუმჯობესება აღარ შეეძლო და ვეღარც უფრო დიდ კომპანიებს გაუწია კონკურენცია. 2018 წელს Toys R US-ის ყველა მაღაზია დაიხურა.

Toys R Us-ის ისტორია ბიზნესებს ასწავლის, რომ ტენდენციებსა და სიახლეებზე ადაპტირება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დიდ სესხთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა და მათი გადაზღვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები