ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კომპანიები სხვადასხვა დარგში ინვესტირებას აგრძელებენ, მაგრამ ბულინგის გამო საჯაროობისგან თავს იკავებენ. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ვიცე-პრემიერი იმ დარგებს ასახელებს, სადაც ინვესტიციებს მათ შორის საერთაშორისო ინვესტორები დებენ და იმედოვნებს, რომ ბულინგი, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებს და ბიზნესს საბოტაჟისკენ მოუწოდებს მალე დასრულდება.
- ინვესტორებში, რომლებიც BM.GE-სთან საუბრობენ პოზიტიური მოლოდინი არავის აქვს. ბოლო 2 თვეში ვის შეხვდით, ვინ არის საქართველოს მიმართ პოზიტიურად განწყობილი, მაშინ როდესაც ევროინტეგრაცია გაჩერებულია, ამერიკამ პარტნიორობა გააუქმა, მინისტრები და ოცნების საპატიო თავმჯდომარე სანქცირებულები არიან, ვინ არიან ინვესტორები, რომლებიც ამ პირობებში ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციებს დებენ?
- მოდით ასე ვთქვათ, შედეგებით ვისაუბროთ... ეს არ არის კომფორტული, უამრავი კომპანია იყო ენერგეტიკის სფეროში, ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელსაც გეგმები აქვს ლოგისტიკის და დასაწყობების სფეროში.
დღეს, სამწუხაროდ, საზოგადოებაში იმდენად ბულინგი მიდის, რომ კომპანიები თავს იკავებენ საჯარო კომუნიკაციისგან, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები, გამომდინარე ვითარებიდან. იმედი მაქვს მალე გადაივლის, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტულია, სამწუხაროდ, მიზანმიმართულია.
- ანუ დებენ ინვესტიციებს, მაგრამ არ ამბობენ?
- ბუნებრივია, მუშაობენ ინვესტიციებზე, მიდის პროცესი, საინვესტიციო გადაწყვეტილებების განხორციელება, მაგრამ მათთვის ეს ამ ვითარებიდან გამომდინარე უხერხულობას ქმნის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ 260 მილიონიანი ინვესტიციებია ენერგეტიკის სექტორში, რომელიც შეუფერხებლად ხორციელდება, ეს საერთაშორისო ინვესტიციებია და ამ კომპანიებს დღეს საჯარო კომუნიკაცია ეუხერხულებათ....
- რატომ ეუხერხულებათ?
- არ სურთ აფიშირება, იქიდან გამომდინარე რაც შეიქმნა არასწორი პროცესებიდან გამომდინარე, ბულინგი, რომელსაც მე გესაუბრებით...
- ინვესტორების ბულინგზე არ გვსმენია...
- როგორ არა, როდესაც ოპოზიცია მოუწოდებს საბოტაჟისკენ ბიზნესს, ანუ მოუწოდებს თავისი საქმიანობისა და ეკონომიკური აქტივობის გაჩერებისკენ, საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო მეტად ფაქიზად და ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ადგილობრივები. მათთვის ეს გარემო უფრო მეტად უცხოა, ვიდრე ჩვენთვის. ასე, რომ სერიოზული კომპანიებისთვის გადაწყვეტილებები ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გრძელვადიანია.




























