მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმა აქვს მთავრობას აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით? - ლევან დავითაშვილის პასუხი

აეროპორტსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორთან კომუნიკაციისას გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ წლებია აშშ-სა და საქართველოს შორის უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა, ამასთან, სისუსტე იყო პროტოკოლურ საკითხებში. პრობლემაა ისიც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არ არის პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა, რაც გასაუმჯობესებელია.

BMG-ის შეკითხვას - რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.

ვაჭრობა, ინვესტიციები, პირდაპირი ფრენები, სტრატაპ ეკოსისტემა, IT-სექტორი - ვიცე-პრემიერი შეეცადა ამ მიმართულებებით არსებულ ვითარებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში კონკრეტული ბარიერების მოხსნის კუთხით პარტნიორებთა მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. დავითაშვილის თქმით, ყოველ წელს აქვთ დიალოგი, რათა გადაიხედოს არსებული სავაჭრო შეთანხმებები და მოხდეს გარკვეული პროგრესი.

„სავაჭრო ურთიერთობაში კონკრეტული ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი საუბარი გვაქვს, ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს, ჩვენი მხრიდან ამას ძალისხმევა არ აკლდება. ყოველ წელს გვაქვს ჩვენ დიალოგი, რათა გადაიხედოს არსებული სავაჭრო შეთანხმებები და მოხდეს გარკვეული პროგრესი, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების მიმართ იყოს ლიბერალური რეჟიმები. ეს არ არის მარტივი საკითხი, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის აშშ-მ შეცვალა სავაჭრო პოლიტიკა ბევრი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ფორმატში, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს პრიორიტეტები იყოს გათვალისწინებული ახალ სავაჭრო ფორმატში“, - განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილმა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ მხრივ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მხრიდან აქტივობა დიდია, ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ ამერიკიდან მეტი, ხარისხიანი ინვესტიცია მოვიზიდოთ, მათ შორის პირდაპირ ფრენებს შევუწყოთ ხელი. ამ კუთხით მზაობას ვაფიქსირებთ... აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განვახორციელეთ.

თუმცა მოხმარება გვჭირდება, მხოლოდ ჩვენი მცდელობა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე კომერციულად ახალი ფრენების დაწყება იქნება რთული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლებისგან, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და სტარტაპების განვითარებისა და IT-მიმართულებით აშშ-სთან ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„პროგრესი გვაქვს ტექნოლოგიური მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში მუშაობს სილიკონველიზე მოქმედი წამყვანი აქსელერატორი. ჩვენი მიზანია ქართულ სტარტაპებს გავუხსნათ გზა და ჰქონდეთ მნიშვნელოვან ბაზარზე წვდომა, ამასთან მოვიზიდოთ ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოვლენ.

პროგრესია აიტი მიმართულებითაც. ეს არის სფერო, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ჩვენ ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლა გვინდა, არამხოლოდ ერთ სფეროში, არამედ ბევრი მიმართულებით. ვხედავთ, რომ არის პოტენციალი, ჩვენ მზად ვართ ყველაფერ ამისთვის და ველით შემხვედრ ნაბიჯებს“, - აღნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები