ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მუშაობს, რათა საინვესტიციო კანონი უფრო უკეთესად იქნეს შემუშავებული და ხელი შეუწყოს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტიციებს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე სამუშაო დღეს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს ფორუმის დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
„ჩვენი დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია - ეს არის კარგად შემუშავებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციების შედეგი, რაც გულისხმობდა საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას ევრო კავშირთან. ჩვენ ამ გზაზე პრიორიტეტად დავსახეთ, რომ ვყოფილიყავით მიმზიდველი და შეგვექმნა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის - დღეს საქართველო მე-8 ადგილს იკავებს OECD-ის კვლევაში FDI-ის ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ქვეყნების ინდექსით. თუმცა, ვაღიარებთ, რომ რეფორმები არ არის ჩვენი საბოლოო დანიშნულების წერტილი და ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა და საქართველოც სწორედ ამ გზას მიყვება. როგორც მან აღნიშნა, დროთა განმავლობაში ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო და მიმზიდველი პარტნიორი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.