საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, უწყება წელს ბიზნესს 20 საკურორტო ზონის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას წარუდგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას საკურორტო მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ბოლომდე ათვისებული არ არის.
„ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება დავიწყეთ და 60 ბალნეოლოგიურ, კლიმატურ, მთის, ტბების, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი იქნა შესწავლილი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ჩვენ უახლოეს ხანებში, მიმდინარე წელს 20 დიდი პოტენციალის მქონე კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის წარდგენას ვაპირებთ ბიზნესისთვის, ისე რომ ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციები განხორციელდეს და წავახალისოთ ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მთის კურორტების პოპულარიზებისა და სამთო სპორტის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებების საქართველოთი დაინტერესების მიზნით, ბაკურიანსა და გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.
ცნობისთვის: ტურიზმის სექტორში, 2023 წელს ტურიზმის კანონის მიღების შემდეგ, პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მთავრობა 2024 წელს საკურორტო ინდუსტრიის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოზე იმუშავებს. ამის შესახებ კანდიდატის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში წერია.