ჯერ კიდევ გრძელდება მოქალაქეებამდე სარეკლამო ხასიათის SMS-ების გაგზავნა, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ნიკა ასვანუამ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიები კვლავ ცდილობენ, რომ სხვადასხვა გზით, მოქალაქეების თანხმობის გარეშე მაინც დააგზავნონ სარეკლამო SMS-ები.
„კომპანიებს სურთ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია, რაც გასაგებია, თუმცა ჩვენი პირადი ტელეფონის ნომრების მოპოვება ისევ კანონსაწინააღმდეგოდ ხდება. კერძოდ, კომპანიებმა ივარაუდეს, რომ თუ სხვა კომპანიებს დაუკვეთდნენ SMS-ების გაგზავნას, ეს იქნებოდა გამოსავალი, რაც ასე არ არის. საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, მკაცრად არის გაწერილი, როგორ უნდა იქნეს მოპოვებული ჩვენი პერსონალური მონაცემები. ამ ნაწილში კომპანიები შორს წავიდნენ და სხვადასხვა ხერხი მოიფიქრეს, თუ როგორ მოიპოვონ ჩვენი თანხმობა, ვინაიდან, ვიცით, რომ ასეთი სახის რეკლამისთვის ფიზიკური პირის თანხმობა SMS-ების მიღებაზე აუცილებელია“, - განაცხადა ნიკა ასვანუამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ, როდესაც თანხმობის მიცემის გარეშე მიუვა სარეკლამო SMS, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეატყობინოს, რათა მასზე რეაგირება მოხდეს.
ცნობისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზეა დასაშვები.
კანონის ამოქმედების შემდეგ სარეკლამო SMS-ების უნებართვოდ გაგზავნისთვის 56 კომპანია უკვე დაჯარიმდა.