რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა, თუმცა მხოლოდ პირველ ივლისამდე. Senta Petroleum-ის დამფუძნებლის განცხადებით, კომპანიებმა რუსულ ბაზარზე გადაწყობა დაიწყეს.
"სწრაფი გადაწყობა მოხდება, პროცესი უკვე მიმდინარეობს. კომპანიები საქონელს პირველ ივლისამდე რუსეთიდან შემოიტანენ. ვინაიდან რუსეთის ბაზარი შედარებით იაფია, ამ პერიოდში რუსეთის ბაზარზე გადავალთ. ამ შესაძლებლობას ყველა გამოიყენებს. ეს ბაზრის კანონია", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
ზაალ იაკობიძის თქმით, რუსეთიდან საწვავის შემოტანა საქონელს გააიაფებს.
"ფასებზე დადებითად აისახება. საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება შეინიშნება. ამასთან, რუსეთის შედარებით იაფი ბაზარი, ეს ფასებზე კლების კუთხით აისახება. ფასები დაიწევს", - აღნიშნა მან.
2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ უცხოეთიდან 422 მილიონი დოლარის ღირებულების 494 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 32%-ით, ხოლო რაოდენობრივად 22%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ თუკი გასულ წელს ნავთობის იმპორტში რუსეთზე 67% მოდიოდა, წელს რუსეთზე ნავთობის იმპორტის 43% მოდის, რაც საწვავის ექსპორტზე თავად რუსეთის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვას უკავშირდება.