იმ ბიზნესებიდან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა 30% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა მათთვის პრობლემას წარმოადგენს. დღეს გამოქვეყნებული BAG ინდექსის მიხედვით, რომელიც IV კვარტალის ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებს ასახავს, დაფინანსების პრობლემით შეწუხებული ბიზნესების რაოდენობა გაიზარდა, ამასთან, ყველაზე მეტად ეს საკითხი მცირე ზომის საწარმოებს აწუხებთ.
"2025 წლის IV კვარტალში მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 30% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 18). ფინანსებზე წვდომის პრობლემა უფრო ხშირად მცირე ზომის საწარმოებში დაფიქსირდა (56% იმ საწარმოთაგან, რომლებმაც სცადეს დაფინანსების მოძიება), ხოლო შედარებით ნაკლებად მსხვილი (25%) და საშუალო (23%) ზომის საწარმოებში", - ნათქვამია BAG ინდექსში.
აღნიშნულ პერიოდში, დაფინანსების მოძიება გამოკითხულ კომპანიათა 54%-მა სცადა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. საწარმოთა ზომის მიხედვით, ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიება უფრო მეტად მსხვილმა (57%) საწარმოებმა სცადეს, შედარებით ნაკლებად კი საშუალო (48%) და მცირე (47%) საწარმოებმა.
რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, IV კვარტალში კომპანიათა უმეტესობის (75%) განცხადებით, ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან. ამასთან, 2025 წლის IV კვარტალში იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური წყაროებიდან ფინანსდება, წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 23% შეადგინა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.




























