მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიების რაოდენობა, რომლებიც პროფსასწავლებელთა კურსდამთავრებულებს ასაქმებენ, 33%-მდე გაიზარდა - ნადარეიშვილი

6447c03871eda
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.23 23:20
520
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანიების რაოდენობა, რომლებიც პროფკოლეჯების კურსდამთავრებულებს ასაქმებენ 33%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან უნარების კვირეულის ფარგლებში გამართულ სექტორულ ფორუმზე „კერძო სექტორი უნარების განვითარებისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა 2022 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით უნარების შესახებ საწარმოთა კვლევის შედეგები წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სექტორის 11,000 კომპანია მონაწილეობდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოკითხულთა 65%-მა უმაღლესი, 25%-მა კი ძალიან კარგი შეფასება მისცა ასეთ თანამშრომლებს თავიანთ ორგანიზაციებში, ხოლო დამქირავებლების 75%-მა მიიჩნია, რომ პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს, პირველ ეტაპზე, დამატებითი გადამზადება არ სჭირდებათ და ისინი არსებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

„პროფესიულ განათლებას საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. როდესაც ვსაუბრობთ პროდუქტიულობის ზრდაზე, ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი დარგების, მათ შორის, ინოვაციურის, განვითარებასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასეთ დროს დამსაქმებელთა მხრიდან პროფესიულ და მაღალკვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობას ფუნდამენტური ადგილი უჭირავს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაზე, ხარისხიანი სწავლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, აგრეთვე პროფესიული განათლების მიმართ კერძო სექტორისა და ზოგადად საზოგადოების მეტი დაინტერესების აუცილებლობაზე. მისი თქმით, მთავრობას არა მხოლოდ ზუსტად აქვს იდენტიფიცირებული არსებული გამოწვევები, არამედ უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები მათ გადასაჭრელად. ამის დასტურად, ირაკლი ნადარეიშვილმა მოიყვანა პროფესიული განათლების განვითარების კერძო და საჯარო თანამშრომლობის მოდელი, რომელიც მისი შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში წარმატებულად ინერგება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული ღონისძიებებიც. გაიმართება თემატური გამოფენები, პროფესიული განათლების და კარიერის შესახებ საუბრები, პრეზენტაციები და ვორქშოფები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები