კომპანიებს თანამშრომლების მოძიება და ვაკანტური პოზიციების დაკომპლექტება უჭირთ. HR.ge-ს ბიზნესგანყოფილების გაყიდვების დირექტორის, ინგა შახბაზიანის შეფასებით, სამუშაოს მაძიებლების ქცევა შეიცვალა და ვაკანსიაზე გამოხმაურებამდე ისინი სამუშაო გარემოს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და კომპანიის სტაბილურობას აფასებენ.
როგორც შახბაზიანმა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა, დამსაქმებლებს ხშირად ერთი და იგივე ვაკანსიის ხელახლა გამოქვეყნება უწევთ, რადგან მხოლოდ განცხადების განთავსებით საჭირო კადრის მოძიება სულ უფრო რთული ხდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ხშირად უწევთ ერთი და იგივე ვაკანსიის ხელმეორედ გამოცხადება, შემიძლია, ვთქვა, რომ მარტივად ვერ აჰყავთ დღეს კადრი. ზოგადად, სამუშაოს მაძიებლის ქცევა შეცვლილია: თუ ადრე ბევრად უფრო აქტიურად აგზავნიდა სხვადასხვა ვაკანსიაზე თავის CV-ს, დღეს ბევრად უფრო მეტს უყურებს - სამუშაო გარემოს, სარგებელს, ანაზღაურებას, კომპანიის ცნობადობას, სტაბილურობას, ბევრ პუნქტს აფასებს, რის შემდეგაც ეხმაურება.
ბოლო წელია, ბევრი კომპანია მოგვმართავს, რომ გამოხმაურება ბევრად უფრო დაკლებულია. ეს კლება დაწყებული იყო უკვე პანდემიის შემდეგ და დღესაც სტაბილურ, მინიმალურ მაჩვენებელზეა, რაც კომპანიებს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ ვაკანსიის გამოცხადებით დააკომპლექტონ პოზიცია. ამიტომ იწყებენ სხვადასხვა ხერხის მოძიებას, როგორიცაა ვაკანსიის გამოცხადება და ბაზების გამოყენება“, - განაცხადა შახბაზიანმა.
მისი ინფორმაციით, HR.ge-ზე ყოველდღიურად სამუშაოს 60-80 ახალი მაძიებელი რეგისტრირდება. ამასთან, გაზრდილია იმ კანდიდატების რაოდენობა, რომლებიც პროფილს აახლებენ და ხელახლა აქტიურდებიან პლატფორმაზე და თუ ადრე დღეში დაახლოებით 100-200 კანდიდატი აახლებდა მონაცემებს, ახლა ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 300-400-მდე აღწევს.
„სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა დაკლებული ნამდვილად არ არის, თუმცა არც გაზრდილა. დაახლოებით 60-დან 80-მდეა დღიური მაჩვენებელი, ვინც ყოველდღიურად რეგისტრირდება. თუმცა ძველი კანდიდატების რაოდენობა, ვინც ისევ აქტიურად ეძებს სამსახურს და მონაცემებს აახლებს, უფრო გაზრდილია. თუ აქამდე დაახლოებით 100, 150, 200-მდე აახლებდა დღეში, დღეს ზოგჯერ 300 და 400 კანდიდატი აახლებს მონაცემებს. შეიძლება, ეს იყოს უბრალოდ სამსახურის ცვლილება, შეიძლება, ადამიანი ამჟამად მუშაობს და ახალ სამსახურს ეძებს, ან ამ ეტაპზე უმუშევარია და ეძებს სამსახურს“, - განმარტა შახბაზიანმა.
მისივე თქმით, HR.ge-ს ვებგვერდს ყოველდღიურად მინიმუმ, 40 000 ადამიანი სტუმრობს, რაც სამუშაოს მაძიებლების მხრიდან პლატფორმის მიმართ მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
























