მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიტეილსა და HoReCa-ში დაბალ პოზიციებზე ხელფასები 20%-ით გაიზარდა | HR.ge

ხელფასი

საქართველოში რიტეილ სექტორში ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ით გაიზარდა, ხოლო HoReCa-ს დაბალ პოზიციებზე ზრდა დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ამის შესახებ HR.ge-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, რიტეილ სექტორში დამსაქმებლები სხვა სექტორებთან შედარებით უფრო ხშირად უთითებენ ხელფასს ვაკანსიებში, რასაც შრომის ბაზარზე მაღალი კონკურენცია განაპირობებს. ის აღნიშნავს, რომ კომპანიები ცდილობენ, კადრები უფრო კონკურენტული პირობებით მიიზიდონ.

„ძირითადად, ქსელური მარკეტები ცდილობენ, რომ მიუთითონ ანაზღაურება და ერთმანეთს გაუწიონ კონკურენცია. როდესაც ერთი უთითებს, შემდეგ მეორეც აუცილებლად უთითებს ხოლმე“, - განაცხადა შახბაზიანმა და დასძინა, რომ კომპანიები კანდიდატებისთვის მხოლოდ ხელფასის შეთავაზებით აღარ შემოიფარგლებიან და ვაკანსიებში დამატებით პირობებსაც უფრო ხშირად ასახელებენ. საუბარია კვებაზე, დასვენების დღეებსა და დაზღვევაზე.

როგორც ის ინტერვიუში ამბობს, რიტეილში ხელფასების მითითების ტენდენცია ორი წლის წინ გაატიურდა: "პირველ წელს დაახლოებით 10%-ით გაზარდეს და წელსაც უკვე განცხადებებში ჩანს, რომ ხელფასები დაახლოებით 15-20%-იანი ზრდა არის".

კადრების დეფიციტის გამო ანაზღაურების ზრდა განსაკუთრებით HoReCa სექტორშიც შეინიშნება. ინგა შახბაზიანის თქმით, ყველაზე მეტად კომპანიებს დიასახლისების, დამლაგებლების, ბარმენებისა და მიმტანების მოძიება უჭირთ.

„რეალურად ამ პოზიციებზე ყველაზე მეტად უჭირთ დღეს კადრის აყვანა ამ სექტორის წარმომადგენლებს, შესაბამისად, დაახლოებით 20%-იან ზრდაზე ვსაუბრობთ. ეს ჩანს ვაკანსიების ტექსტშიც, რადგან მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამით მაინც მიიზიდონ ადამიანები და დააკომპლექტონ კადრები“, - აღნიშნა მან.

ამასთან, HR.ge-ის მონაცემებით, ვაკანსიების უმრავლესობაში ხელფასი კვლავ მითითებული არ არის. ინგა შახბაზიანის თქმით, დასაქმების საიტებზე ანაზღაურება განცხადებების მხოლოდ დაახლოებით 33%-ში ფიქსირდება, რის გამოც ვაკანსიებში შეთავაზებული ხელფასების დინამიკის ოფიციალურ სტატისტიკასთან პირდაპირი შედარება რთულია.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177 ლარით მეტია და 2389 ლარს შეადგენს. საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, რეალური საშუალო ხელფასი 1911 ლარს უტოლდება. საინტერესოა თავად დათვლის სპეციფიკაც, უწყება 16 000-მდე საწარმოს სახელფასო ფონდს აანალიზებს, რაც ძირითად ანაზღაურებასთან ერთად პრემიებსა და დანამატებსაც მოიცავს. სტატისტიკურად ყველაზე მაღალი შემოსავალი – 4400 ლარი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ფიქსირდება. მას 4094 ლარით საფინანსო საქმიანობა მოსდევს, 3496 ლარით მშენებლობა, ხოლო 3305 ლარით პროფესიული და სამეცნიერო სფერო მიჰყვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები