მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებს მოსკოვიდან და მინსკიდან ოფისების გადმოტანა სურთ, როგორ ვარეგულირებთ საკითხს? - Remax Capital-ი სახელმწიფოს

6220a120455b8
ინგა მურუსიძე
03.03.22 23:30
1737
გვაქვს დაკვეთები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებსაც მოსკოვიდან ოფისები გადმოაქვთ თბილისში და გადმოჰყავთ თავიანთი თანამშრომლები, სჭირდებათ ოფისები და ბინები ქირით, - ამის შესახებ Remax Capital-ის დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, კომპანიების წარმომადგენლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლის გამო მათ თანამშრომლებს აკავებენ.

„რაღაც ახალი რეალობა გვიჩნდება. მოსალოდნელია ლტოლვილები არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთიდანაც. რაღაც მონიტორინგია საჭირო! რა სტრატეგია აქვს ქვეყანას? ამ კომპანიების საიტებს ვსწავლობ, რომ რაღაც ელემენტარული ფილტრი გვქონდეს ვის ვასახლებთ და ვაბინავებთ, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია… არადა, ამ ხალხსაც შველა სჭირდება, 15-15 წელი მიუსჯიათ საპროტესტო მიტინგზე ვინც დააკავეს, 5-7 წლის ბავშვები დაიჭირეს…

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ჩვენ უძრავ ქონებას არ ვასხვისებთ რუსეთის მოქალაქეებზე და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს სჭირდება სპეციალური რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ რუსეთიდან ხალხის შემოდინებას რა სტრატეგიით ვხვდებით?“ - წერს მარიამ ასათიანი.

მანვე დღეს თავისი პოზიცია BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა. როგორც ასათიანი ამბობს, შესაძლოა დევნილებისთვის საქართველო ხელსაყრელი გახდეს, თუმცა საჭიროა ე.წ. ფილტრი, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

„ამ დღეების განმავლობაში ბევრი დაკვეთა მივიღეთ და ბევრი ინტერესი შემოვიდა, საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებსაც მინსკსა და მოსკოვში აქვთ ოფისები, სურთ ეს ოფისები საქართველოში გადმოიტანონ. გვთხოვენ თანამშრომლებისთვის საცხოვრებლის და ოფისების მოძიებას. ეს რასაკვირველია ახალი რეალობაა ჩვენთვის.

ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად უნდა იყოს ხედვა, როგორ ვარეგულირებთ ამ ნაკადს? ამ ხალხს სჭირდება დახმარება, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან, მაგრამ ჩვენ, კომპანიებს არ უნდა გვქონდეს ვალდებულება გავარკვიოთ, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე შემოდის, სანქცირებული, თუ არასანქცირებული. მე ვფიქრობ, რომ უნდა მივიღოთ ეს ხალხი, ოღონდ დევნილის სტატუსით. უნდა დათმონ თავიანთი მოქალაქეობა და მივიღოთ დევნილის სტატუსით“, - აღნიშნავს მარიამ ასათიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები