საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა რიჟამაძის განცხადებით, კომპანიებში დოკუმენტაციის ამოღების შესახებ განჩინება ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაიცა. თუმცა, როგორც რიჟამაძემ „საქმის კურსის“ პირდაპირ ეთერში თქვა, აღნიშნული განჩინების საფუძველზე დოკუმენტების ამოღება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ორი დღის წინ სურსათის ფასების სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაიწყო.
მისივე თქმით, მსგავს ინფორმაციას კომპანიები ამ დრომდეც აწვდიდნენ სახელმწიფო უწყებას - კონკურენციის სააგენტოს.
„გასულ უახლოეს პერიოდში კონკურენციის სააგენტოს მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს და იმ პრობლემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა, რაც ფასწარმოქმნაზე მოქმედებს.
კონკურენციის სააგენტოს 2024 წლიდან დაწყებული აქვს მონიტორინგი, შუალედური დასკვნაც აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ფასნამატებთან დაკავშირებით 2025 წელს და იმ მონიტორინგის ფარგლებში დამატებით მოხდა სადისტრიბუციო კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვა. შესაბამისად, ახლა კომპანიებისთვის ბუნდოვანია დოკუმენტაციის დამატებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამოღება. თუმცა ეს არცერთი სადისტრიბუციო კომპანიისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ნებისმიერი ფორმით მივაწვდით ყველა დოკუმენტს, რაც საჭიროა, უბრალოდ ბიზნესისთვის ცოტა გაურკვეველი იყო ის ფორმა, რომ სამართალდამცველების მხრიდან მოხდა იმ დოკუმენტაციის ამოღება, რასაც კონკურენციის სააგენტოს ისედაც აწვდიდნენ“, - განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ მთავარია, ამ პროცესმა კომპანიების ოპერირება არ შეაფერხოს.
ცნობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიებთან მთავრობის კანცელარიაში სურსათის ფასებზე შექმნილი კომისიის შეხვედრა ხვალ იგეგმება. აღნიშნული „საქმის კურსის“ ეთერში ლაშა რიჟამაძემაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. გუშინ, 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.




























