მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპლექსი 31-სართულიანი შენობით - რის აშენებას გეგმავს "სილქ როუდ ჯგუფი" ელბაქიძის აღმართთან?

11

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია - შპს საქანელა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

მრავალფუნქციურ კომპლექსის მშენებლობის გეგმების შესახებ, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 65 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო, bm.ge ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. თავდაპირველად 4 და მაქსიმუმ 17-სართულიანი 5 შენობის მშენებლობაზე იყო საუბარი.

მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულომ 2022 წლის 18 მარტს დაამტკიცა. გასულ წელს კი, კომპანია შპს საქანელა დეველოპმენტის მიმართვის საფუძველზე, განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებები შევიდა, რითაც ფართობი და სხვადასხვა პარამეტრი გაიზარდა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს საქანელა დეველოპმენტს შპს სილქ რიალ ისთეითი ფლობს, რომლის 95%-იც შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს ეკუთვნის.

რაც შეეხება ინფორმაციას პროექტის შესახებ, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მ. ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის) აღმართსა და სანაპიროს ქუჩას შორის – საქანელას ქუჩის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N12-ში. თავდაპირველად საპროექტო ტერიტორია 20 860 კვ.მ. იყო, რაც შემდგომ 2 000 კვ.მ.-ზე მეტით გაიზარდა.

ამასთან, შეიცვალა შენობების რაოდენობა და გაიზარდა მათი სართულები. არსებული პროექტით, საერთო ჯამში, ტერიტორიაზე 7 შენობა აშენდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე ფართები, პარკინგი და სარეკრეაციო სივრცე.

მაქსიმალური სიმაღლის შენობა 31 სართული იქნება. უფრო დეტალურად: N1, N2 და N3 შენობის სართულიანობა ჯავახიშვილის ქუჩიდან არის 4-6 სართული, შენობა N4 და N5 რომელიც ორიენტირებულია სანაპიროსკენ არის 5 სართულიანი. კომპლექსის დომინანტ მოცულობას წარმოადგენს შენობა N6, სადაც გათვალისწინებულია 31 სართული, ხოლო შენობა N7-ის სართულების რაოდენობა არის 14. კომპლექსისთვის მაქსიმალური სიმაღლე განსაზღვრულია 114.1 მეტრით.

ამჟამად კომპანიას მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართული აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებაზე, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო მცირედით დაკორექტირდა საპროექტო ტერიტორიის საზღვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები