მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის დანერგვაზე სიახლეს წელს ელოდება

62bec88e95e03
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.22 15:10
729
საქართველოს კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით სიახლეს 2022 წელს ელოდება, ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა.

2021 წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიამ დაანონსა, რომ 2022 წელს 5G ქსელის დანერგვაზე აუქციონი გამოცხადდებოდა. ამასთან, ლიცენზიის სააუქციონო ფასის შეთავაზება ფასდაკლებით მოხდებოდა.

“მობილური ინტერნეტის მოხმარება საოცრად იზრდება. აპრილში 43%-ით იყო გაზრდილი წინა წელთან შედარებით. ეს პროცესი არის შეუქცევადი და სულ უფრო და უფრო დიდი მოხმარებაა საქართველოში. აქ შემოდის ხარისხის საკითხი, თუ რამდენად ხარისხიანია ეს მობილური ინტერნეტი. კომისიას აქვს შემოწმებები და ვაკეთებთ გაზომვებს სიჩქარის და დაფარვის მონიტორინგის პროგრამით და ამ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ხოლმე. თუმცა ამ კონტექსტში ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეხუთე თაობის ინტერნეტი და მისი დანერგვისთვის ვემზადებით. ამ მხრივ უნიკალურია მეხუთე თაობა, რომ არსებული სიხშირე შეუძლიათ გამოიყენონ და გაზარდონ მოცულობა, სიჩქარე ინტერნეტის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს უნდა ველოდოთ სიახლეს. ვემზადებით სიხშირული ლიცენზიების გასაცემად,” - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

5G-ის დანერგვას ნაადრევად მიიჩნევს საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორის “მაგთიკომის” დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე, რომელმაც მარტში განაცხადა, რომ ეს ქსელი თავისი კაპიტალტევადობიდან გამომდინარე ქართულ რეალობაში დღეს არარენტაბელური იქნება.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. ამ აბონენტებმა თვის განმავლობაში 32 პეტაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წელთან შედარებით 42%-ით მეტია.

ერთი აბონენტი ამ პერიოდში თვეში საშუალოდ 10 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები