მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-ი განიხილავს “მაგთის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსი მიანიჭოს და 3 ახალი რეგულაცია დაუწესოს

მობილური ოპერატორები ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები

საქართველოს კომუნიკაციების კომისია “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. კომპანიისთვის ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას შეეძლება "მაგთის" განუსაზღვროს ახალი რეგულაციები, რაც კომისიის წევრის ეკატერინე იმედაძის განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საუბარია ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოთხოვნასა და სხვა რეგულაციებზე რომელიც მაგთის შეიძლება განესაზღვროს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ისინი 6 ივნისს განიხილავენ საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის შესახებ მომზადებულ კვლევას და იმსჯელებენ მაგთისთვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსის მინიჭებაზე.

კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია 2024 წლის 22 თებერვალს დაადგინა. მეთოდოლოგიის მიხედვით, კომპანიას შეიძლება აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, თუკი მას 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი უჭირავს.

2024 წლის მდგომარეობით “მაგთის” 2,273,178 აბონენტი ჰყავს, რაც მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის აბონენტთა 41.5%-ია, ამასთან 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 95.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანად მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლების 48%-ს შეადგენდა. შესაბამისად, როგორც აბონენტთა რიცხვით, ასევე საცალო შემოსავლებით “მაგთი” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე აცხადებს, რომ “მაგთის” ქმედებები ამჟამად მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, ამასთან აღნიშნულ ოპერატორს გააჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება და ის საკუთარი სატარიფო გადაწყვეტილებებით მთელს კომუნიკაციების ბაზარზე ახდენს გავლენას.

“როდესაც “მაგთიმ” გაზარდა ფასები, ამას მიჰყვა სხვა ორი ოპერატორიც - ეს არის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, რომ ბაზარზე კონკურენცია არ არის ჯანსაღი და ხდება იმ ქცევის გამეორება, რომელიც აქვს ლიდერს. ეს ნიშნავს რომ შეზღუდულია კონკურენცია და მომხმარებელს არ აქვს საკმარისი არჩევანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ჩატარდა მეხუთე თაობის ინტერნეტის ლიცენზიების აუქციონები და მასში მხოლოდ ერთმა, ოპერატორმა “სელფიმ” მიიღო მონაწილეობა.

შესაბამისად, “მაგთი” არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორი, და ბაზარზე იქნება სტაგნაცია თუკი არ მოხდება რეგულაციების შემოღება. უნდა გაჩნდეს ვალდებულებები მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორისთვის. ეს არის 3 ტიპის ვალდებულება, მათ შორის 1) ვირტუალური ოპერატორის დაშვება, რომლისთვისაც უნდა შეიქმნას დაშვების გამჭვირვალე პირობები და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი; 2) ეროვნული როუმინგი, რომ უფრო ნაკლები დაფარვის ქსელის ოპერატორს ჰქონდეს შესაძლებლობა ფასის სანაცვლოდ დაშვება მოიპოვოს რეგიონებში წერტილოვნად სადაც ცუდია მისი სერვისები; 3) თანალოკაციის დაშვება, რაც ნიშნავს კონკრეტული ქსელის ელემენტების მიქირავებას შესაბამისად ეს უნდა იყოს ხელსაყრელი როგორც მსხვილი ოპერატორისთვის, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორისთვის იძლევა შესაძლებლობას იქირაოს ტექნიკური სიმძლავრე”, - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

დღეს კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ანალიზი, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს. კვლევის ავტორებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად მიიჩნიეს. მათი განცხადებით, მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელია. ექსპერტის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 10%-ით, ხოლო შემოსავლების - 45%-ით გაიზარდა. ამის ფონზე კი, „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და როგორც 2022, ისე 2023 წლის მონაცემებით, აბონენტების 41%-სა და შემოსავლების 49%-ს ფლობს.

შეხვედრაზე „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად დასახელდა ისიც, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დიდი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის ნახევარზე მეტი - 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, ხოლო „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-სა 6.1%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფი მობაილის“ შემთხვევაში.

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა კრიტერიუმით კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები