მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისია ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე შესვლის ბარიერებზე საუბრობს - ანგარიში

62978d15342ec
სალომე მეცხვარიშვილი
02.06.22 09:20
710
კომუნიკაციების კომისია ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე შესვლის ბარიერებზე საუბრობს. როგორც ComCom-ი 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში აღნიშნავს, მცირე კომპანიებისთვის ამ ბაზარზე შესვლა პრობლემურია, რამდენადაც დაკავშირებულია მაღალ საინვესტიციო ხარჯებთან და ქსელის განვითარების ხანგრძლივ პროცესთან.

რეგულატორი აღნიშნავს, რომ ფიქსირებული ინტრენეტის ბაზარზე ბარიერები “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” გამსხვილებამ გამოიწვია, თუმცა თავის დროზე ამ ტრანზაქციებზე თანხმობა სწორედ კომუნიკაციების კომისიამ გასცა.

“ორმა მნიშვნელოვანმა კონსოლიდაციამ, რომელიც ერთი მხრივ მაგთიკომის მიერ "კავკასუს ონლაინის" საცალო სეგმენტის შესყიდვას, ხოლო მეორე მხრივ “სილქნეტის” მიერ “ჯეოსელის” შესყიდვას უკავშირდება - ამან ბაზარზე ორი მსხვილი კომპანიის ჩამოყალიბება გამოიწვია. შედეგად, ოპერატორები ერთდროულად როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის სეგმენტებზე მნიშვნელოვან საბაზრო წილებს და მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. აქედან გამომდინარე ფიქსირებული ინტერნეტის როგორც საბითუმო, ისე საცალო სეგმენტი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, რაც ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომსახურების ბაზარზე არსებულ, შესვლის სტრუქტურული თუ საოპერაციო ბარიერების არსებობაზე მიუთითებს”,- წერს კომუნიკაციების კომისია.

აღნიშნულიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისია ბაზრის გახსნას აანონსებს და Bitstream რეგულაციის შემოღებას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ მსხვილმა ინტერნეტოპერატორებმა საკუთარ ქსელზე მცირე ოპერატორები უნდა დაუშვან და ინფრასტრუქტურა მიაქირავონ. მცირე კომპანიები მომხმარებელს სერვისს სწორედ ამ ინფრასტრუქტურით უნდა მიაწოდონ.

“აღნიშნული ერთი მხრივ საშუალებას აძლევს შედარებით მცირე ზომის ოპერატორებს განვითარდნენ, შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფიქსირებულ სეგმენტზე და ამით გაზარდონ მომსახურების მოცულობა ეკონომიკაში.

ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს აძლევს არჩევანის და ალტერნატიული სერვისების მიღების შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ მომსახურების მრავალფეროვნებას და ხელმისაწვდომობას განაპირობებს.

მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ალტერნატიული ოპერატორის მომსახურება მასთან უკვე არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხოლო ქსელის მფლობელი ოპერატოორები დამატებით საბითუმო შემოსავალს მიიღებენ”,- აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები