მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები თითქმის 8%-ით შემცირდა

6477a8a510dec
მარიამ ვარადაშვილი
31.05.23 23:55
648
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 7.8%-ით, 73.6 მლნ ლარამდე შემცირდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 80 მლნ ლარი იყო. 

გასულ წელს ტელევიზიებისა და რადიოების ჯამური სარეკლამო შემოსავლები თითქმის 80 მლნ ლარს აღწევდა, ეს წლიურად 7.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების შემცირებას აზარტული თამაშების კომპანიებზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს. კერძოდ, გასული წლის მეორე კვარტლიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. კომისიის ცნობით, 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი შეადგინა, 2021 წელს კი - 17.9 მილიონი ლარი იყო.

“რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 36.8%-ით გაიზარდა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვიდან გამომდინარე, მკვეთრად შეიცვალა დამფინანსებლების სტრუქტურა (ბიზნეს სექტორის კუთხით). კერძოდ, თუ 2021 წელს მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წყარო სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები (44%) იყო, 2022 წელს სარეკლამო დაკვეთების კუთხით წამყვან ბიზნეს სექტორს სურსათისა და სასმელების მიმართულება წარმოადგენდა 29%-იანი წილით, 28.56%-ით მეორე ადგილი ფარმაციას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები დისტრიბუციასა და ფინანსების სექტორებს ეკავა”,-წერია კომუნიკაციის კომისიის ანგარიშში.

მარეგულირებლის ცნობითვე, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით ყველაზე მეტად ის არხები დაზარალდნენ, რომლებიც წინა წლის მონაცემებით მეტად იყვნენ დამოკიდებულნი აზარტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ეკავა - 34.1%, „მთავარ არხს“ – 13.6%, „მედია ჰოლდინგს“ [რუსთავი 2] – 12.5%, „ტელეკომპანია პირველს“ - 7.9%, „ფორმულას“ – 7.8%, „პოსტვ“-ს – 6.6%, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 4.2%, „ჯი-დი-ეს თივი“-ს – 2.6%, „ბი ემ ჯი“-ს – 2.6%, „სილქნეტს“ – 1.5%.

ჯამში 2022 წელს მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 101 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 94.2 მლნ ლარი ტელევიზიებმა, 6.7 მლნ ლარი კი რადიოებმა მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები