მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისიამ 10 რადიოს ლიცენზიის ვადა უფასოდ გაუგრძელა

61bb418b2730f
მარიამ ვარადაშვილი
17.12.21 01:00
400
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 10 რადიო-მაუწყებელს ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უფასოდ გაუგრძელდათ. ეს რადიო-მაუწყებლებია: „რადიოკომპანია მწვანე ტალღა“, „რადიო პალიტრა“, „ტელერადიოკომპანია რიონი“, „არტ რადიო“, „რადიო იმედი“ „ასოციაცია ათინათი“, „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმა“, „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ და „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“.

მარეგულირებლის ცნობით, ამ რადიომაუწყებლების ლიცენზიებს მოქმედების ვადა 31 დეკემბერს ეწურებოდათ, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელებს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდათ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში 2021 წლის ნოემბერში, კომუნიკაციების კომისიის, მთავრობისა და რადიომაუწყებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიდა. შეგახსენებთ, რომ რადიომაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიას და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს თხოვნით, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მომხდარიყო რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის მოქმედების უსასყიდლოდ გაგრძელება, ხოლო მეორეს მხრივ, ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა.

“გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით რადიო მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, კომუნიკაციების კომისიამ, მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა რადიომაუწყებლების თხოვნა. საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით რადიოებს ტელერადიოცენტრის მიმართ არსებული დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერათ.

აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და კომუნიკაციების კომისია ყველა იმ რადიომაუწყებელს, რომელთა ლიცენზიებსაც ერთხელ უკვე გაგრძელებული ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურებათ, ლიცენზიის მოქმედების პერიოდს უფასოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს,”-წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები