კომუნიკაციების კომისიის შესაფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ "პოსტვ"-ისა და "ტელეიმედის" სანქცირება ქვეყნის მედიაპლურალიზმისთვის დამაზიანებელია და ის ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ მარეგულირებელი განცხადებას ავრცელებს.
"კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში. გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა.
სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.



























