მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუსს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის ვადა 29 აპრილამდე მისცა

62179daba2df8
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 19:10
1460
კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს", რომელიც ამჟამად თავად კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ იმართება, კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა. კომისიამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიას მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მისდა და ფინანსური სანქციისგან თავი შეიკავა.

კომუნიკაციების კომისია Neqsol Holding-ის მიერ "კავკასუს ონლაინის" შესყიდვას "უკანონოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს გარიგება მასთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც კომპანიის ინვესტორის მიერ არ მომხდარა.

“კავკასუს ონლაინს” წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტების კომუნიკაციების კომისიაში წარდგენის ვადად - 2021 წლის არაუგვიანეს 29 დეკემბერისა განესაზღვრა.

კომუნიკაციების კომისია დღევანდელ სხდომაზე თავდაპირველად კავკასუსისთვის ფინანსური სანქციის დაკისრებას გეგმავდა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორმა რევაზ კოპალაძემ განაცხადა, ამჟამად “კავკასუს ონლაინი” რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც 2021 წლის ბოლოს კავკასუსმა მის მთავარ მომხმარებელთან “მაგთისთან” ხელშეკრულება დაასრულა.

“კომპანია არ არის დღეს ყველაზე კარგ ფინანსურ მდგომარეობაში. იცით, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ მიმწოდებელი “მაგთიკომი” აღარ არის მომხმარებელი ჩვენი მომსახურების და შესაბამისად, ფინანსურად ჯანსაღად არ გამოვიყურებით,” - განაცხადა კოპალაძემ.

შეგახსენებთ - 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები