საქართველოში მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს საკუთარი ქსელის კონკურენტებისთვის გაზიარება ახალი წესების შესაბამისად მოუწევთ - ამას ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვაც პარლამენტმა დღეს დაიწყო.
საუბარია იმ წესებსა და პირობებზე, რომლის შესაბამისად, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვებაა განსაზღვრული. კანონპროექტის ავტორის, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით არის გათვალისწინებული.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, ამ კანონის მიღებით ბიზნეს ოპერატორებს საშუალება ექნებათ კანონიერად გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა მომსახურების უკეთესად გავრცელებისათვის, რაც თავის მხრივ, საშუალებას იძლევა გაიზარდოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის კონკურენცია. "შესაბამისად გაიზარდოს ხარისხი და შემცირდეს მომსახურების საფასური“, - განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სანქციები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების წესებს არ დააკმაყოფილებენ.
“კანონპროექტის მოთხოვნათა დარღვევისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომლის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრულია ჯარიმა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ოპერატორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის ან კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, ჯარიმის თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტით, განსაზღვრულია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გონივრული ვადის დაწესება მის აღმოსაფხვრელად, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაწესება წინა ფინანსურიწლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 0,2% პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა, ხოლო დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.




























