მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომუნიკაციის არხების რღვევა ჩვენს განვითარებას აფერხებს“ – რუსი მილიარდერი

63d7789cc2b31
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 00:40
606
Forbes-ის რეიტინგით რუსეთის რიგით მეორე უმსხვილესი ბიზნესმენის, „ნორილსკი ნიკელისა“ და „ინტერროსის“ პრეზიდენტის ვლადიმერ პოტანინის შეფასებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის დაწესებული სანქციები და შეზღუდვები, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ინტეგრაციას აფერხებს და საერთო ჯამში განვითარებას ანელებს. ამის შესახებ მან რუსულ მედიაჰოლდინგ RBС-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„კომუნიკაციის არხების რღვევა ჩვენს განვითარებას აფერხებს და ანელებს“, - თქვა მან.

ვლადიმერ პოტანინი ინტერვიუს დროს სანქციების დაწესების მიზეზზე - რუსეთ-უკრაინის ომზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მოქალაქეებისა და ზოგადად ეკონომიკისთვის სტრესულია, თუმცა რუსეთის ეკონომიკური სისტემა დასავლეთის წნეხის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, პოტანინი აღნიშნავს, რომ ბიზნესპროცესების წარმოების ნაწილში ცვლილებები საგრძნობია. მაგალითად კი პოტანინმა „ნორნიკელი“ მოიყვანა.

„სანქციები აბსოლუტურად დესტრუქციულია და როგორც ჩანს, აბსოლუტურად უკანონოა. მაგრამ ვინ უყურებს ახლა ამას? ლოგისტიკურ და ანგარიშსწორებაში არსებულ სირთულეებს იქამდე მივყავართ, რომ მაგალითად „ნორნიკელში“ საბრუნავი საშუალებები ამ პროცესის შენელების გამო ძალიან გაიზარდა. ბევრი პროექტი გადატანილია, როგორც ახლა ამბობენ - მარჯვნივ. ეს ძირითადად იმით აიხსნება, რომ საჭიროა ახალი ტექნიკის ძიება, რედიზაინი, რაზეც ჩვენი ე.წ პარტნიორები უარს გვეუბნებიან. ამას იქამდე მივყავართ, რომ გეგმები და სტრატეგიები კორექტირდება, თუმცა ჩვენ ამ მდგომარეობიდან ბუნებრივია გამოსავალს ვნახულობთ - ლოგისტიკურ გადაწყობას მეგობრული ქვეყნების მიმართულებით ვახერხებთ, როგორებიც არიან მაროკო, თურქეთი, სხვა არაბული ქვეყნები, ჩინეთი ... ამიტომ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობაზე ეს პირდაპირ არ აისახება, თუმცა ზღუდავს მის ფინანსურ და მათ შორის თავისი ტრადიციული ბაზრების ათვისებას, მათი შენარჩუნება რთულია, ახლის ათვისება კი ძვირი ჯდება. ჩვენ ისეთ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ყველაფერი უნდა ავიტანოთ და ვიმუშაოთ გამოწვევების გადალახვაზე, ახლა წესების ნგრევის პროცესია და როდესაც ახალი წესრიგი ფორმულირება მოხდება... ჩვენ კარგი ფორმით როგორც ქვეყანამ, როგორც ცალკეულმა კომპანიებმა უნდა გადავიტანოთ ეს პერიოდი და მივაღწიოთ იმ ნაპირამდე, სადაც ურთიერთობის ახალ წესებს ავაშენებთ“, - განაცხადა პოტანინმა.

მისი თქმით, საერთაშორისო წესების ნგრევა დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დაიწყეს. მილიარდერისთვის ეკონომიკაში ბუნებრივი პროცესების დარღვევის დაშვება, ისეთი როგორიც ხელშეკრულებების შეუსრულებლობა, ქონებების დაყადაღება, ვალის არ გადახდა იყო, წარმოუდგენელია, რაც თავისთავად ქვეყანასა და ეკონომიკაზე მოქმედებს.

„ინტერროსისა“ და „ნორნიკელის“ პრეზინდეტი მკაცრად ეწინააღმდეგება დასავლეთი მიერ რუსების ქონების კონფისკაციების საპასუხოდ რუსეთში უცხოელი მოქალაქეების ქონებების კონფისკაციას ან ნაციონალიზაციას და თვლის, რომ ეს კონფისკაცია ძარცვის გაცხადებული ფორმაა. რაც შეეხება ნაციონალიზაციას, ის ამბობს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო საკმარისი რაოდენობის აქტივს მართავს და იმ შემთხვევაში თუ უცხოური კომპანიები ბაზრიდან გადიან, რუსეთში მათი აქტივების ხელსაყრელი ფასით შესყიდვით ისევ და ისევ კერძო სექტორმა - ბიზნესმა უნდა იხეიროს.

„კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებმა თავისი საზოგადოება კერძო საკუთრების პატივისცემის ქვაკუთხედის გარშემო ააგეს, დღეს ისინი ამას ანგრევენ. ეს პროცესი მათ დაარტყამს, ჩვენ კი იგივე არ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანების პირადი საკუთრების ხელყოფის გამო ჩვენ გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს.

რაც შეეხება ნაციონალიზაციას - მე ამგვარი მიდგომის მოწინააღმდეგე გახლავართ, რადგან ჩვენი მთავრობა საინვესტიციო საქმიანობას ყველანაირად ხელს უწყობს... სახელმწიფოს ამოცანა იმ დარგების მოცვაა, რომლის აღება და გაკეთება ბიზნესს არ შეუძლია, მაგალითად იმიტომ რომ მათ კომერციული პერსპექტივა არ გააჩნიათ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და სახელმწიფომ ამის სტიმულირება უნდა მოახდინოს, მათ შორის უცხოური ინვესტიციების ჩანაცვლების კუთხით. თუ ზოგიერთი კომპანია ტოვებს ჩვენს ქვეყანას, მაშინ იმის მაგივრად, რომ მათ მიმართ რაიმე სახის კონფისკაცია და სხვა მკაცრი ზომები მივიღოთ, ბევრად უფრო ადვილია საინვესტიციო საზოგადოებას მიეცეს საშუალება, თავად მოაგვაროს ეს პრობლემა. ამისთვის მას ყველა შესაძლებლობა აქვს, უცხოური ინვესტიციების შიდა რესურსით ჩაანაცვლოს. რუსული ბაზრიდან უცხოური კომპანიების „პანიკურმა გასვლამ“ განაპირობა ის, რომ ასეთი კომპანიების შეძენა ადგილობრივ ინვესტორებს ძალიან მიმზიდველი პირობებით შეუძლიათ”, - განმარტავს პოტანინი.

ისევე როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, მილიარდერი ქვეყნებს მეგობარი და არამეგობარი ქვეყნების სტატუსით მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქვეყნისა და ბიზნესისთვის პარტნიორების მოძიება ამ პირობებში უნდა გააქტიურდეს, რადგან შემხვედრი ქარი სულ უფრო ძლიერდება. მეგობარ ქვეყნებად კი აზერბაიჯანს, თურქეთს, არაბულ ქვეყნებს და ჩინეთს მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ ამ ვითარებაში მეგობარმა ქვეყნებმა რუსეთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება სწრაფად მიიღონ.

„აუცილებელია პარტნიორების მოზიდვა მეგობარი ქვეყნებიდან, თუნდაც იმისთვის რომ ის მიღწევები, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჯაჭვებიდან მოწყვეტილი იქნება. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვერ შევქმნით და ვერ დავნერგავთ, ჩვენი ეკონომიკა მდგრადია, თუმცა ბაზარი არ არის დიდი, ამიტომ ჩვენ მეგობარი ქვეყნების ბაზრები უნდა ავითვისოთ, რათა მათთან ინფორმაცია გავცვალოთ, ჩვენი პროდუქტი უფრო კომერციული და მიზანმიმართული გავხადოთ. ამ სახის შეჯიბრი არავის გაუუქმებია. ამ მხრივ მთავრობა და კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაგრამ ვთვლი, რომ საკმარისი ძალისხმევა არ იდება, რომ ეს აქტივობა კონკრეტულ პროექტებში და პირობებში კონვერტირდეს“, - აღნიშნა რუსმა მილიარდერმა.

რუსეთის რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთმა არ უნდა დაკარგოს ქვეყნიდან თავისი მოსაზრებების გამო წასული მოსახლეობის ინტელექტუალური რესურსი და მათი ქვეყანაში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისინი უპირობოდ უნდა მიიღონ, რადგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პროცესს დიდი ინტელექტურალური რესურსი დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები