მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომუნიკაციების კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას" - მაგთიკომი

"კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას", - ამის შესახებ კომპანია "მაგთიკომი", კომუნიკაციების კომისიის მიერ 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის საპასუხოდ აცხადებს.

BMG-სთვის გამოგზავნილ კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იაფია.

"საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვნად იაფია. "მაგთიკომის" მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით. მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი" - ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში. კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"მაგთიკომში" აცხადებენ, რომ კომისია ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას ცდილობს.

"კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას , თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას. "მაგთიკომის" არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას. "მაგთიკომი" რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის კვლევის მიხედვით, საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად, 35%-ით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა. “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები