მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია შეიქმნა - ვინ არიან წევრები?

კომუნიკაციების კომისია

მთავრობამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოსცა, რაც მიმდინარე წლის 9 თებერვალს ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომისიის შემადგენლობაში სამი წევრი შევიდა, რომლებმაც წინა კონკურსშიც შეარჩიეს კანდიდატები:

  • ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი;
  • ზურაბ ტატიძე - შპს „ალტას“ დამფუძნებელი;
  • თალიკო ჟვანია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი.

საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. კანონის თანახმად, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ხარისხი (ეკონომიკის, სამართლის, ჟურნალისტიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროში) და მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, საიდანაც 3 წელი მმართველ თანამდებობაზე მუშაობას უნდა ფარავდეს.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს და უფლებამოსილია სხდომები დისტანციურადაც, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით წარმართოს. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე ოთხი კანდიდატი იბრძვის. განაცხადები ანი ვაზაგაშვილმა, გიორგი ელისაშვილმა, იოსებ აბულაძემ და სოლომონ ექვთიმიშვილმა წარადგინეს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხუთი წევრისგან შედგება. მათი უფლებამოსილების ვადა ექვს წელს შეადგენს და ერთი და იგივე პირი ამ თანამდებობაზე ორზე მეტი ვადით ვერ აირჩევა.

ვაკანსია გაჩნდა, ვინაიდან კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. აბაშიძე 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2017 წლიდან წევრის პოზიციას იკავებს. ის კომისიას ასევე ხელმძღვანელობდა 2000-2004 წლებშიც.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე გოგა გულორდავა კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს. კომისიაში დანიშვნამდე, 2023 წლიდან, ის ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. სხვადასხვა დროს გულორდავა იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორი, 2016-2020 წლებში – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2013-2016 წლებში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

პროცედურის მიხედვით, კანდიდატთა სიისა და საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, საკონკურსო კომისია მინიმუმ სამ კანდიდატს მთავრობას წარუდგენს. მთავრობა კანდიდატურებს პრეზიდენტს გადასცემს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები