მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კონცერტები არატურისტულ სეზონზე უნდა დაგეგმილიყო” - მაია სიდამონიძე

6444ce0ddabf7
ანუკა ჯოხაძე
23.04.23 11:33
2276
წელს, "ბლექ სი არენას" ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. რამდენს იხდის გადასახადის გადამხდელი უკვე დაანონსებულ კონცერტებში, ეს ჯერ გასაჯაროებული არ არის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა სახელმწიფო სუბსიდირებით კონცერტების ჩატარების გადაწყვეტილებას იღებს, ის არა სეზონზე, არამედ ტურისტულად არააქტიურ პერიოდში უნდა გაკეთდეს.

მისი თქმით, აგვისტოში საქართველო ტურისტებით ისედაც დატვირთულია და ეს ბიზნესისთვის დახმარება ვერ იქნება. უფრო მეტიც, სიდამონიძე აცხადებს, რომ აგვისტოს პერიოდში კონცერტების დროს დასარჩენი ადგილების და კვების ობიექტების დეფიციტი შეიქმნება.

“ასეთი ტიპის ღონისძიებები, მითუმეტეს, როცა სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდება, უნდა იყოს წესით არასეზონზე, როცა პირიქით შეიძლება დაეხმარო, რომ დაიტვირთოს სასტუმროები, რათა რეგიონში მეტი ტურისტი ჩავიდეს. დარწმუნებული ვარ, ამ კონცერტებზე ძირითადად ქართველები იქნებიან.

აგვისტოში, როდესაც ისედაც გადავსებულია აჭარა და დასავლეთი და ამას ემატება კონცერტები, უბრალოდ იმ პერიოდში შეუძლებელი იქნება განთავსების საშუალების შოვნა, იქნება უაზროდ გაზრდილი ფასები და უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს კერძო სექტორშიც და დამსვენებელშიც, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო ოქტომბერში ან სექტემბერში", - ამბობს მაია სიდამონიძე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებს არა სახელმწიფო, არამედ სრულად კერძო სექტორი უნდა ახორციელებდეს.

“რატომ უნდა გააკეთოს დღეს სახელმწიფომ ეს კონცერტები და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ჩემთვის გაუგებარია. ეს არის წყალში გადაყრილი ფული, იმიტომ რომ ამას ბევრად უკეთესად დაგეგმავს კერძო სექტორი, გააკეთებს და გაყიდის. უფრო მეტ შემოსავალსაც მიიღებს", - აცხადებს მაია სიდამონიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები