მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე კონფლიქტისა, JPMorgan-ი რეგიონში, კერძოდ, ერ-რიადსა და დუბაიში გაფართოებას აგრძელებს - ამის შესახებ ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჯეიმი დაიმონი მიიჩნევს, რომ არაბულ სახელმწიფოებს მოდერნიზაცია და დასავლური კაპიტალი სურთ, რისთვისაც მათ მშვიდობა სჭირდებათ.
კითხვაზე, თუ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, აქვს თუ არა მიმდინარე კონფლიქტს პოტენციალი, შეცვალოს გაფართოების ძალისხმევა პოზიტიური მიმართულებით ან პირიქით, უკან დახევისკენ უბიძგოს, ჯეიმი დაიმონი ასე პასუხობს:
"როგორც მე ვუყურებ, ეს უფრო მეტ რისკს ქმნის. მაგრამ ასევე ზრდის პოზიტიური შედეგის შანსებს. ეს ქვეყნები მოდერნიზაციას და მოსახლეობის განათლებას ცდილობენ, სულ უფრო მეტად ნერგავენ დასავლურ მეთოდებს, სურთ საკუთარი ბაზრების გახსნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საზღვარგარეთ ინვესტირება. ეს არ შეიცვლება. სინამდვილეში, ეს ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისთვის უფრო დიდ შესაძლებლობას ქმნის.
ბევრი სკეპტიკოსია, მესმის მათი. და თუ მოვლენები ცუდად წარიმართება, ისინი იტყვიან: "ხომ გეუბნებოდით". ამიტომ ვიმედოვნებ, რომ საკმარისად გონიერები ვიქნებით, რათა დავეხმაროთ ამ მიმართულებით სვლას. და თუ ყურადღებით დააკვირდებით, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ქუვეითს - ყველას მშვიდობა სურს. და ყველამ იცის, რომ რეალური ზრდა და ძლიერი ეკონომიკა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. თუ გინდათ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღოთ, მშვიდობა გჭირდებათ. ისეთი მოვლენები, როგორიცაა ომი, ამცირებს იმის შანსს, რომ ხალხს რეალური ინვესტიციების ჩადება მოუნდეს".




























