„ეს არის სიტუაცია, როდესაც ძლიერი საერთაშორისო აქტორები მოქმედებენ პრინციპით - „ვის სად რა გაუვა“, ყოველგვარი შემაკავებელი ფაქტორების გარეშე“ - ასე აღწერს რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ირანში აშშ-ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 10 დღე გავიდა. ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე, რომელიც წლიურად, მსოფლიოს ნავთობის, დაახლოებით, 20%-ს, ხოლო თხევადი გაზის - 25%-ს ატარებს. 9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, ზოგიერთ ქვეყანას ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოუხსნის და ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული სამხედრო ოპერაცია "ძალიან მალე" დასრულდება, ნავთობის ფასი დაბლა წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია ქვეყნები, რომელთაც ნავთობის გაზრდილი ფასების შემცირების მიზნით აშშ ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს დროებით მოუხსნის, მაგრამ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ გააჟღერა.
გლობალური ნავთობის ბაზარზე აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის გავლენაზე საუბრისას ლიანა ჯერვალიძემ გაიხსენა 1973 წლის ე.წ. ნავთობის კრიზისიც და აღნიშნა, რომ მაშინდელი კრიზისისგან განსხვავებით, როდესაც პრობლემა ნავთობის ემბარგო იყო, დღეს მთავარი შეფერხება მოშლილი მიწოდების ჯაჭვები და ლოგისტიკაა. ამდენად, მას მიაჩნია, რომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების ზრდას განაპირობებს არა - რესურსის ფიზიკური დეფიციტი, არამედ გაურკვევლობა, ნდობის არარსებობა და მოშლილი ლოგისტიკა.
„ეს არის დიდი ომი გავლენების გადანაწილებისთვის. პროცესი მხოლოდ იმით არ დასრულდება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ისაუბრა და ისინი რუსული ნავთობის სანქციებისგან გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ძალიან მეეჭვება, მათ შორის რაიმე სანდო გარიგება შედგეს, რადგან ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ სტრატეგიული მოლაპარაკებები რომელიმე თემაზე კონკრეტულ კონდიციამდე იყოს მისული. ყოველ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკებები საერთოდ მიმდინარეობს, ხელშესახები შედეგი ჯერ არ გვაქვს. შესაბამისად, არ მგონია, რომ ნდობის გარეშე რაიმე ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილ სტაბილურობასა და ვითარების მოწესრიგებაზე იყოს საუბარი“, - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
ინტერვიუ ლიანა ჯერვალიძესთან
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აშშ, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, ზოგიერთ ქვეყანას ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოუხსნის და ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული სამხედრო ოპერაცია "ძალიან მალე" დასრულდება, გლობალურ ბირჟებზე აშკარად ჰქონდა ე.წ. „დამამშვიდებელი ეფექტი“... როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ ბაზრის დასამშვიდებლად გაკეთებული განცხადება იყო თუ აშშ მზად არის, ენერგეტიკული სტაბილურობის სანაცვლოდ, გარკვეულ პოლიტიკურ დათმობებზე წავიდეს, დროებით?
- ძალიან რთული წარმოსადგენია, ახლა რაიმე გრძელვადიან სტაბილურობაზე ვიფიქროთ. რატომ? იმიტომ, რომ პროცესში ჩართულ მხარეებს შორის ნდობა საერთოდ არ არსებობს. არ მოქმედებს შეიარაღების (არც ჩვეულებრივის და არც სტრატეგიულის) შემცირების თუ შეზღუდვის არანაირი ხელშეკრულება - ყველა მათგანს ვადა გაუვიდა და არცერთის განახლება არ მიმდინარეობს. არ არსებობს ნდობა არც მოლაპარაკების პროცესის და არც შედეგების მიმართ... საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აღარ აქვთ გავლენა ამ პროცესებზე. ეს არის სიტუაცია, როდესაც ძლიერი საერთაშორისო აქტორები მოქმედებენ პრინციპით - „ვის სად რა გაუვა“, ყოველგვარი შემაკავებელი ფაქტორების გარეშე; ამიტომ სანამ გრძელვადიანი სტაბილურობის ფუნდამენტური დოკუმენტები არ გაფორმდება, ენერგეტიკულ ბაზარზე ხანგრძლივ სტაბილურობაზე საუბარი ნაადრევია. რატომ? იმიტომ რომ ენერგეტიკა ეკონომიკური განვითარების, სოციალური სტაბილურობისა და გეოპოლიტიკური გავლენების მთავარი ღერძია. შესაძლოა, ვიფიქროთ მხოლოდ ხანმოკლე გარიგებებზე, თუმცა ესეც საფრთხილოა, რადგან მათ მყარი საფუძველი არ გააჩნიათ.
- ტრამპი 9 მარტს ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა, რასაც მოჰყვა კიდეც ეს განცხადებები... შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთიც აღმოჩნდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც შესაძლოა სანქციები შეუმსუბუქდეთ?
- ამჟამად სანქცირებული მხოლოდ რუსეთი და ირანია. ვენესუელა იყო სანქცირებული და აღა არის. რადგან ირანი ომშია, ე.ი. რუსეთზეა ლაპარაკი, ხომ მართალია?! თუმცა მე ორ ლიდერს შორის ნდობას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ეს იქნება სერიოზული ტესტი იმისა, მიმდინარეობს თუ არა „ფარდის მიღმა“ სტრატეგიული მოლაპარაკებები. ტრამპის სიტყვები შეიძლება ამ ფარული პროცესის ღია ნაწილი იყოს, თუკი შეთანხმება შედგა, მაგრამ ჯერ უნდა დავაკვირდეთ. ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს 1973 წლის დიდ კრიზისს. მაშინ ბირთვული სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, მაშინდელი შეთანხმება იმიტომ შედგა, რომ მხარეებს შორის დაძაბულობის შენელების პროცესი უკვე დაწყებული იყო - 1972 წელს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდათ. საინტერესო ისტორიული ფაქტია: 1973 წლის ივნისში ბრეჟნევი ნიქსონს კალიფორნიაში სტუმრობდა და შუაღამისას მისი გაღვიძება მოითხოვა (რაც პროტოკოლის უხეში დარღვევა იყო), რათა ეთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი იწყებოდა. მაშინ ნიქსონმა და კისინჯერმა ეს ინფორმაცია არ დაიჯერეს, თუმცა 6 ოქტომბერს დიდი ომი მართლაც დაიწყო; და იმდენად გამწვავდა ეს ომი, რომ ბირთვული სახელმწიფოებიდან ერთი ემხრობოდა ისრაელს, რომლის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა მაშინ, მეორე - ემხრობოდა არაბულ ქვეყნებს. დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ მაშინ ირანი ომში არ მონაწილეობდა - ის იყო ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ომი; ახლა კი მისი [ირანის] საზღვრებისა და არსებობის საკითხი დგას. ამიტომ ეს ვითარება ამ მხრივაც სრულიად განსხვავებულია: სხვაგვარია მოცემულობა საერთაშორისო ბაზრისა და მოთამაშეების კუთხით - შეიცვალა ის, თუ ვინ აწარმოებს და ვინ მოიხმარს ნავთობსა და გაზს ამ რეგიონიდან; მაშინ არ არსებობდა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რომელსაც შეეძლო ქვეყნები დაევალდებულებინა, 90-დღიანი რეზერვები ჰქონოდათ. იმ დროს ბაზარი არ იყო გლობალური; არსებობდა მხოლოდ ტრანსნაციონალურ კომპანიებს შორის ოლიგოპოლიური შეთანხმება და ისინი ფასებს ურთიერთშეთანხმებით არეგულირებდნენ. ახლა კი ისეთი ერთიანი საერთაშორისო ბაზარია, რომ დასავლეთში ვინმემ რომ დააცემინოს, აღმოსავლეთში დიდი ექო აქვს. მაშინ რეზერვები არ არსებობდა, ახლა კი უამრავი მარაგია. მაშინ ბაზარი არ იყო ერთიანი, ახლა კი ის სრულად ინტეგრირებულია. ადრე ახლო აღმოსავლეთში ნავთობს საერთაშორისო ტრანსნაციონალური კომპანიები აწარმოებდნენ, ყიდდნენ და ძირითად მოგებასაც ისინი და მათი წარმოშობის ქვეყნები იღებდნენ. დღეს კი, ახლო აღმოსავლეთში, ძირითადად, სახელმწიფო კომპანიები მოქმედებენ, რომლებიც თავად მუშაობენ მოგებაზე და საკუთარ რესურსს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აწვდიან.
- რომ შევაჯამოთ, რა განსხვავებას ხედავთ 1973 წლის ე.წ. ნავთობის კრიზისსა და დღევანდელობას შორის? და თუ ომი რამდენიმე კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, რა ელის გლობალურ ბაზარს, როცა 90-დღიანი რეზერვები ამოიწურება?
- მთავარი განსხვავება ისაა, რომ მაშინ ნავთობის მიწოდება შემცირდა, რადგან ქვეყნებმა ემბარგო დაუწესეს დასავლურ ქვეყნებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს. ახლა რესურსიც არის და რეზერვებიც. 2025 წლის ივნისის შემდეგ ყველა მოემზადა [ომისთვის] - ზოგს ხმელეთზე აქვს მარაგი, ზოგს ტანკერებში, ზოგს - ზღვაზე... დღეს დაგროვილია უამრავი ნავთობი, რომელიც სხვადასხვა საზღვაო ლოკაციაზე მოტივტივე ტანკერებშია დარეზერვებული და ელოდება რეალიზაციას. თუ მაშინდელი [1973 წლის] კრიზისი ემბარგოთი იყო გამოწვეული, ახლა პრობლემას მოშლილი ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვები ქმნის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნავთობზე ფასის მატებას განაპირობებს, მაინც ნდობის დეფიციტია - ნდობისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. ბაზრის მოლოდინები ნეგატიურია, რადგან ჩართულ მხარეებს შორის არ არსებობს არანაირი მარეგულირებელი დოკუმენტი თუ ხელშეკრულება. ბაზარი უფრო მეტად ომის გაგრძელებისკენაა განწყობილი, ამიტომ ფასები იზრდება არა - რესურსის ნაკლებობის, არამედ გაურკვევლობის, ნდობის არარსებობისა და მოშლილი ლოგისტიკის გამო.




























