კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 1 203-ს მიაღწია, მათ შორის 321 გარდაცვალების შემთხვევაა - მას შემდეგ, რაც მიმდინარე ეპიდაფეთქება მაისის შუა რიცხვებში გამოცხადდა. ამის შესახებ ჯანდაცვის უწყებებმა პარასკევს გვიან ღამით გავრცელებულ ანგარიშში განაცხადეს.
ქვეყანაში ახალი შემთხვევების გამოვლენა კვლავ გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კონგოში ამჟამად გამოჯანმრთელების 148 შემთხვევაა რეგისტრირებული, ხოლო 419 პაციენტი იზოლაციაში ან საავადმყოფოში იმყოფება.
ეპიდემიამ, რომელიც ბუნდიბუგიოს (Bundibugyo) შტამითაა გამოწვეული, ჯანდაცვის 34 ზონა მოიცვა სამ პროვინციაში, მათ შორის კრიზისის ეპიცენტრ იტურიში, ასევე ჩრდილოეთ კივუსა და სამხრეთ კივუში.
გამოწვევებს შორის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობის წინააღმდეგობას გარდაცვალების შემდგომი ტესტირების მიმართ, მკურნალობის არასაკმარის შესაძლებლობებს იტურიში და კონტაქტების მოძიების მაჩვენებელს ასახელებენ, რომელიც კვლავ ჩამორჩება მიზნობრივ 95%-იან ნიშნულს.
"მთავრობა ყველას შეახსენებს, რომ ებოლასთან ბრძოლა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შეგვატყობინოს ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის შესახებ, დაიცვას ჰიგიენის ზომები და თავი შეიკავოს გარდაცვლილთა ცხედრებთან შეხებისგან", - აცხადებენ სამინისტროში.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (Africa CDC) გენერალურმა დირექტორმა, ჟან კასეიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პარტნიორები - მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი, ასევე საფრანგეთისა და კონგოს ხელისუფლება - სრულად არიან მობილიზებულნი ეპიდემიის შესაკავებლად და კოორდინირებული რეაგირების გზით მოსახლეობის დასაცავად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა შაბათს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ "ომი ებოლასთან ბრძოლას ბევრად ართულებს, რადგან ზღუდავს წვდომას, აბნევს კონტაქტებს და შიშისა და უნდობლობის გამო ადამიანებს დამალვისკენ უბიძგებს".




























